უგულავა სააკაშვილზე: არასდროს მას არავინ აკავებდა, თუ რელიგიური აღტკინება ჰქონდა, წასულიყო ეკლესიაში

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებს პასუხობს, რომლის მიხედვითაც სააკაშვილმა გიგა ბოკერიას ქართული ტრადიციებისა და ფასეულობების მიმართ განსაკუთრებულად ცინიკურ დამოკიდებულებებზე ისაუბრა.
გიგი უგულავას თქმით, სააკაშვილი ტყუის და ის მარაზმამდე დაეცა.
“ის, რაც ეთერში ვიხილეთ არის ფარისევლობა და სირცხვილი, მე მრცხვენია, რომ ადამიანი რომელიც ერთ-ერთი შემოქმედი იყო ვარდების რევოლუციის, ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა, როგორც პრეზიდენტმა დაეცა ასეთ მარაზმამდე, მე როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენელი შემიძლია გადაუჭარბებლად ვთქვა, რომ ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა მოიტყუა, ეს იყო სრული სიცრუე, არასდროს მას არავინ აკავებდა, თუ რელიგიური აღტკინება ჰქონდა, წასულიყო ეკლესიაში”, – განაცხადა უგულავამ.
“ევროპული საქართველოს” ლიდერის თქმით, ის და ბოკერია წინააღმდეგი იყვნენ მღვდელმსახურებისთვის შავი ჯიპების დარიგებისა, რაც სააკაშვილმა გააკეთა.
“მეც და გიგა ბოკერიაც ვიყავით წინააღმდეგი, როცა პოლიტიკური გასაჭირი იყო, შავი ჯიპების ჩამორიგება გადაწყვიტა ეკლესიის მსახურებისთვის, თუ მას რელიგია დღეს ესმის, თავზე ნაცრის დაყრად და ქართველი სახელმწიფოებრიობის სეკულარიზმის უარყოფად, მაშინ ის არაფრად არ განსხვავდება ლევან ვასაძისგან”, – აცხადებს უგულავა.
მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ჯვრით მანიპულირებს და ის ეკრანზე “პერანგს ექაჩებოდა ჯვრის სანახებლად”, რაც, ფარისევლობაა.
ასევე უგულავა სააკაშვილს ქრისტეს მე-3 მცნებას ახსენებს და ამბობს, რომ სააკაშვილი თავისი თავის უარყოფისკენ მიდის.
“ნიშანდობლივია და ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო სამ თვეში ჩვენ ვნახეთ საჯარო პოლიტიკურ სივრცეში ჯვრით მანიპულირებით და ჯვრის აბუჩად აგდების ( მე ასე დავარქმევდი ) სამი შემთხვევა, პირველი იყო, როცა ქალბატონი ზურაბიშვილი ვიხილეთ წმინდა ნინოს გზაზე ჯვრით მომავალი ხელში- ფარისევლობა #1, მეორე ლევან ვასაძე , რომელიც კომბალს და ვაზის ჯვარს ვერ ასხვავებდა, ისე დადიოდა ქუჩაში- ფარისევლობა და მავნებლობა #2 და გუშინ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პერანგს ექაჩებოდა ჯვრის სანახებლად- ფარისევლობა #3, ეს ყველაფერი ნამდვილად სამარცხვინოა და მე მინდა მას შევახსენო, მას, როგორც ჩანს, ნებისმირ ადამიანს შეიძლება აეხილოს აეხილოს თვალი, დაინახოს მზის სხივი, წვიმა ეგონოს ზეციური მანანა, ეს არ არის პრობლემა, შეიძლება მოხდეს, უბრალოდ მინდა შევახსენო, რომ თუ რელიგიურ ტრადიციებზეა საუბარი – სავლე ნამდვილად გახდა პავლე, უბრალოდ პავლე იყო სავლეს გაგრძელება და არა სავლეს უარყოფა, იქამდე ნუ მივა ბატონი სააკაშვილი, რომ თავისი თავის უარყოფა მოახდინოს, მას ბევრი დამსახურება ჰქონდა და როგორც სახარებაშია ნათქვამი, ის ამ მარგალიტებს აბნევს და რჩება ვასაძის და ივანიშვილის რიტორიკის ამარა, ესა არის ძალიან სამწუხარო”- აცხადებს გიგი უგულავა.
გიგი უგულავას თქმით, სააკაშვილი ივანიშვილის ნარატივს იმეორებს, რადგან საკუთარ თავ ოპოზიციად მხოლოდ ივანიშვილს უპირისპირებს.

“ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც გაიმეორებს ივანიშვილის ნათქვამს, რომ ერთ მთაზე ის დგას და მეორე მთაზე- მეორე ტიტანი, ემსახურება ივანიშვილის რეჟიმის შენარჩუნებას, მე მინდა ასევე სააკაშვილს ვუთხრა, რომ შვილები და შვილიშვილები დასწყევლის ყველა იმ პოლიტიკოსს, ვინც ივანიშვილს დათვურ სამსახურს გაუწევს ნებსით თუ უნებლიეთ”, – აცხადებს გიგი უგულავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები