პაატა ზაქარეიშვილი: სააკაშვილმა სამარცხვინო, გამაოგნებელი განცხადება გააკეთა

სამარცხვინო განცხადება გააკეთა სააკაშვილმა, აშკარად ჩანს, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, – ასე აფასებს პოლიტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ინტერვიუს.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ გიგა ბოკერიას განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება აქვს ქართული ტრადიციებისა და ფასეულობების მიმართ.

„ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებიდან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, სააკაშვილს სურს, „ევროპულ საქართველოს“ ხმები წაართვას.

„სამარცხვინო განცხადება გააკეთა სააკაშვილმა. კარგად ვიცნობ მას. სწორედ იმ პერიოდში, როცა მისი ვითომდა, ე.წ. რელიგიურობა ყალიბდებოდა. ძალიან ახლოს ვიყავით, მეგობრები ვიყავით. 1993 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, 1 არხზე გამოვდიოდით მე, სააკაშვილი და გია ბარამიძე. პირველად აღნიშნა მაშინ საქართველომ ოფიციალურად 10 დეკემბერი. სამივე ვისხედით ეთერში და ვყვებოდით, რა არის ეს დეკლარაცია და ა.შ. ვიდრე ეთერში შევიდოდით, კარგად მახსოვს, გვქონდა კამათი რელიგიაზე და მაშინ სააკაშვილი იყო აღმოსავლური რელიგიის, ბაჰაიზმის მომხრე, მიმტკიცებდა მის ღირსებებს . 1993 წლის 10 დეკემბერს ეს ადამიანი ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არაქრისტიანი იყო. მერე ის ხდება იუსტიციის მინისტრი. მაშინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ვმუშაობდი, მე შევთავაზე, რომ კარგი იქნებოდა, თუ პატრიარქს შეხვდებოდა. მან იუკადრისა, ახლა რად მინდა პატრიარქთან შეხვედრა, აქეთ მოვიდეს, თუ უნდაო. ვუთხარით, რომ საპატრიარქოში უნდა მისულიყო. როგორც იქნა, დავაჯერეთ. მერე უცებ მეუბნება, პირჯვარი როდის უნდა გადავიწეროო. ვუთხარი, მე მიყურე-მეთქი, როცა დავიწყებ პირჯვრის გადაწერას, მაშინ გადაიწერე -მეთქი. ერთი სასაცილო მომენტიც მოხდა, ლოცვა მიდის და რაღაც მომენტში მე არ გადავიწერე პირჯვარი, სხვებმა გადაიწერეს, სააკაშვილმა დაიწყო და რომ დაინახა მე არ გადავიწერე, ხელი ჩამოუშვა, აღარ დაამთავრა.
როცა ეს ადამიანი დღეს სხვას აკრიტიკებს, უსინდისობაა. ყოვლად გამაოგნებელი იყო, თან თავისი თანამებრძოლების მიმართ. აშკარად ჩანს, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, „ნაციონალურ მოძრაობას“ აკლდება ხმები და უნდა, წაართვას თავის განაყოფს, ევროპულ საქართველოს, ამიტომაა, რომ მიწაში დებს „ევროპულ საქართველოს“, ისინი ამის ღირსი არიან, მაგრამ არა ამ ფორმით – ტყუილებით, სიცრუით“- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები