ქართველი მიგრანტი მხატვრების შემოქმედებაზე ქეთევან შავგულიძის ლექცია გაიმართება
30 სექტემბერს, 20:00 საათზე, რუსთაველის 18-ში, დავით კაკაბაძის ფონდისა და პროექტ BAZA-ს მულტიდისციპლინური საგანმანათლებლო პროგრამის მესამე ღონისძიება გაიმართება, სადაც ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და მკვლევარი ქეთევან შავგულიძე წარადგენს ლექციას სახელწოდებით – „ჩვენი დროის რეალიზმი – აბსტრაქცია, როგორც „ღია იდენტობის“ თავშესაფარი, როგორც სხვადასხვა კოდების, ენების, კულტურების გადაკვეთის ველი“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ქეთევან შავგულიძის ლექცია ქართველი მიგრანტი მხატვრების შემოქმედებას ეხება. კერძოდ, აბსტრაქტულ ფორმატში შესრულებულ ნამუშევრებს, რაც ერთგვარ ტენდენციად ყალიბდება და მათი უნივერსალური, ტრანსნაციონალური, ტრანსკულტურული გამოსახულებების კონტექსტში განიხილვის საშუალებას გვაძლევს.
„ტრადიციული აბსტრაქციისგან განსხვავებით თანამედროვე აბსტრაქცია იკითხება არა როგორც უარყოფა გამოსახულების, ფიგურის, ისტორიის, არამედ გაერთიანება, რეასამბლიაჟი – როგორც ახალი კავშირი, ვიდრე უარყოფის ესთეტიკური გამოცდილება. ადგილი, სადაც დეტერიტორიალიზაცია ხდება, როგორც ავტორის, ისე რეციპიენტის შეხედულებების, სადაც გარდამავალი მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიქსირებული პოზიცია. ეს უსასრულო, მეტაფორული, ტრანზიტული სივრცე სხვადასხვა იდენტობის, კულტურის, ისტორიის შერწყმის ველი, თითქოს შეიწოვს ყველაფერს აქამდე არსებულს და იმასაც, რაც უნდა მოხდეს“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
დასწრება თავისუფალია.
ფოტონამუშევარი – ალექსანდრე ბერიძე.