კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უახლესი პუბლიკაციების პრეზენტაციას გამართავს

2 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სააგენტოს უახლესი პუბლიკაციების პრეზენტაციას მართავს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წარმოდგენილი წიგნები საინტერესო იქნება როგორც სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოებისათვის, ისე პატარა მკითხველისათვის.
ფიროსმანის შემოქმედების მოყვარულები, კრებულის „ფიროსმანი დღეს“ საშუალებით, გაეცნობიან განსხვავებული მიდგომებით შესწავლილ და შეფასებულ მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების აქტუალურ თემებს;
მონოგრაფია ,,კუმურდოს კათედრალი“ გაგაცნობთ შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული საკათედრო ტაძარის ისტორიასა და არქიტექტურას;
ერთ-ერთ უძველეს კულტურულ ელემენტზე მოგვითხრობს ავტორი წიგნში ,,ქართული ჩაცმულობა“, სადაც მკითხველი ეცნობა როგორც ქალის, ისე მამაკაცის სამოსის, აქსესუარების, ფეხსამოსისა თუ ვარცხნილობის ტრადიციას;
წიგნი „ანდრია აფაქიძე“ მემორიალური ხასიათის გამოცემაა. ეძღვნება გამოჩენილ მეცნიერს, ღვაწლმოსილ არქეოლოგს, შესანიშნავ პიროვნებას – ანდრია აფაქიძეს;
წიგნი „ქართული გემოს მემკვიდრეობა“, ასახავს მდიდარი ქართული სამზარეულოს ნაცნობი და თითქმის მივიწყებული ქართული ტრადიციული კერძების მრავალფეროვნებას.
არქეოლოგიით დაინტერესებულნი, „არქეოსპექტრის“ მეშვეობით გაეცნობიან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დინამიკას. გამოცემა ასახავს სააგენტოს მუშაობას არქეოლოგიური კვლევების და არქეოლოგიური ტურიზმის განვითარების მიმართულებით;
პატარა მკითხველს, „არქეოლენდი“, ტრადიციულად ეპატიჟება არქეოლოგიის ჯადოსნურ სამყაროში და სახალისო ინტერაქტიულ შეჯიბრში იწვევს;
„2018 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მოკლე ანგარიშების კრებული“ კი ასაჯაროებს არქეოლოგიური გათხრების წარმოების მიზეზ-შედეგობრივ აუცილებლობას და მის მნიშვნელობას ჩვენი ისტორიისა და დღევანდელობისთვის;
“ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშები სამთავროს სამაროვანიდან“ _ უახლესი გამოცემა ძვირფასი ლითონების დამუშავების უძველეს ტექნოლოგიასა და ქართული ოქრომჭედლობის ისტორიაზე;
„გერმანული დასახლებები და არქიტექტურული მემკვიდრეობა საქართველოში“ – წიგნში წარმოდგენილია ბოლო წლების კვლევევბი გერმანული დასახლებების ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
პრეზენტაციის დროს სტუმრებს აღნიშნული გამოცემების შეძენის საშუალება მიეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები