ბიომრავალფეროვნების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის მხარეში გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ბიომრავალფეროვნების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით სამცხე-ჯავახეთის მხარეში საინფორმაციო შეხვედრები გამართა.
როგორც “კვირას” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრების პირველი ნაწილი გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების საკითხებს, მათ შორის, სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების, რეგულირების პროცედურების, გარეულ ცხოველთა თავდასხმების გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის ღონისძიებების გაცნობას დაეთმო. მეორე ნაწილში ყურადღება ქვეწარმავლებზე, ეკოსისტემაში მათ როლსა და მნიშვნელობაზე გამახვილდა. შეხვედრების მსვლელობისას მონაწილეებმა ექსპერტების დახმარებით ისწავლეს შხამიანი და არაშხამიანი გველების და მათი ნაკბენების ერთმანეთისგან გარჩევა მორფოლოგიური დაკვირვების მეთოდით და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გველების დანახვისას და კბენის შემთხვევაში.
შეხვედრებისას გამართული დისკუსიის დროს გამოიკვეთა გარეულ ცხოველებთან დაკავშირებული მუნიციპალიტეტებისთვის დამახასითებელი პრობლემური საკითხები, რაზეც მონაწილეებმა დარგის სპეციალისტისგან მიიღეს კონკრეტული რეკომენდაციები.
შეხვედრების მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ხასიათის ტრიპლეტები “გაიგე მეტი” და “გარეული ცხოველები და ადამიანი”.
​გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ბიომრავალფეროვნების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გააგრძელებს შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები