დავით ბაქრაძე: რუსეთთან დიალოგი შესაბამის ფორმატში პრობლემა არ არის, პრობლემაა ის, რომ საზოგადოება, ამაზე რუსული მხარისგან იგებს

“რუსეთთან დიალოგი არ არის, მაგრამ პრობლემაა ის რომ საზოგადოება ამ დიალოგის შესახებ იგებს რუსული მხარისგან”,- ამის შესახებ ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრის კომენტირებისას “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ენგურის ხიდზე განაცხადა.
“ევროპულმა საქართველოს” ლიდერებმა და მხარდამჭერებმა სოხუმის დაცემის 26-ე წლისთავთან დაკავშირებით, ენგურის ხიდზე პატივი მიაგეს დაღუპულებს და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.

​დავით ბაქრაძემ, ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ოპოზიციას აქვს კითხვები, თუ რას ემსახურებოდა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და რა შედეგი მისცა შეხვედრამ ქართულ მხარეს.
“შესაბამის კონტექსტში და ფორმატში რუსეთთან დიალოგი არ არის პრობლემა. მაგრამ პრობლემაა ის, რომ საზოგადოება ამ დიალოგის შესახებ, იგებს რუსული მხარისგან. მითუმეტეს ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პარლამენტში ვხედავთ “ქართული ოცნების” წინააღმდეგობებს, რომ არ დაუჭირონ მხარი რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს, რასაც სთავაზობს “ევროული საქართველო”.  ბუნებრივია ეს აჩენს კითხვის ნიშებს, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს შეხვედრა, რა შედეგი დადგა და რამდენად შეესაბამებოდა ეს შეხვედრა ჩვენს დეკლარირებულ, პოლიტიკურ ამოცანებს. ხელისუფლება ვალდებულია ამ ლეგიტიმურ კითხვებზე გასცეს საზოგადოებას პასუხი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ რუსეთთან, ოკუპანტთან არ არის პრობლემა აწარმოო დიალოგი შენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

​ცნობისთვის, 2019 წლის 26 სექტემბერს, — 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველად, — საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესია მიმდინარეობს. როგორც შვეიცარიის საგარეო უწყებამაც დაადასტურა, ინიციატორი შვეიცარიის ფედერაცია იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები