ფარავნის ტბასთან და წმინდა ნინოს მონასტერთან ინფრასტრუქტურა მოეწყობა

 ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბასთან და წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები იწყება.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია.
აღნიშნულ პროექტზე უკვე დასრულდა სატენდერო პროცედურები და გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც სამუშაოებს მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყებს.
ფარავნის ტბის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა  მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომის, ფარავნის ტბის ჯებირისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. ასევე, დაგეგმილია წმინდა ნინოს დედათა მონასტრიდან ფარავნის ტბის სამხრეთ სანაპირომდე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ასევე გათვალისწინებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან – წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, მონასტრის შესასვლელთან ავტოსადგომის და ტურისტული ობიექტების მოწყობა, ვიზიტორთა ცენტრის, სადეგუსტაციო ოთახის, სამზარეულოს, ხელნაკეთი სუვენირების მაღაზიის მშენებლობა. სამუშაოები ასევე მოიცავს რეგიონისთვის სახასიათო არქიტექტურის ნიმუშის – გვირგვინით გადახურული დარბაზული სახლის აღდგენას, ობიექტების წყალმომარაგებისათვის ჭაბურღილისა და ბიოლოგიური საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და მონასტრის ტერიტორიის კეთილმოწყობას.
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ფარავნის ტბის ნაპირის მოწყობა და წმინდა ნინოს ტაძართან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვნად დაეხმარება და გაზრდის ტურისტულ პოტენციალს და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებენ მუნიციპალურ ფონდში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები