ზვიად გაბისონია: „ქართულ მეცნიერებას დაახლოებით 100 მილიარდამდე ბიუჯეტზე გაუჩნდება წვდომა“

საქართველო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია EURAXESS-ის წევრი ოფიციალურად გახდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი ბრიუსელში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალური დირექტორის მოადგილე პატრიკ ჩაილდმა მოაწერეს.
EURAXESS-ში გაწევრიანება ქართველ მეცნიერებს საშუალებას აძლევს ჰქონდეთ პირდაპირი წვდომა:
მსოფლიოს 500-ზე მეტ საერთაშორისო და შიდა ეროვნულ სამეცნიერო ფონდების გრანტებთან;
15 000-ზე მეტ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან და კვლევებით დაინტერესებულ ბიზნესთან;
40-ზე მეტი ქვეყნის რამდენიმე მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსზე.
ევროპულ პროგრამა EURAXESS- ში ქვეყნის გაწევრიანება ხელს შეუწყობს საქართველოს მჭიდრო ინტეგრირებას ევროკავშირის სამეცნიერო-კვლევით სივრცეში, მეცნიერთა კარიერულ განვითარებას, ქვეყნის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას. საქართველოს მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ქსელის ყველა სერვისი, რომელიც ამჟამად ამ ევროპული პროგრამის წევრი ქვეყნების მეცნიერთათვის არის ხელმისაწვდომი.
პანევროპულ პროგრამა EURAXESS- ში საქართველოს გაერთიანების შედეგად, გაიზრდება ქართველ და ევროპელ მკვლევრების შორის მობილობა; გაიზრდება შესაძლებლობები ქართველი მკვლევრების კარიერული ზრდისათვის; გაიზრდება უცხოელი სტუდენტების და მკვლევრების დაინტერესება საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლისათვის.
EURAXESS- ში გაწევრიანებით საქართველოს ისტორიაში ქართული ორგანიზაცია პირველად იქნება ,,Horizon 2020“-ის პირდაპირი ბენეფიციარი და კოორდინატორი;
EURAXESS- ში გაწევრიანება საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივა იქნება მეცნიერების მენეჯმენტის განვითარებისთვის. ქსელში გაერთიანებული ქვეყნების მკვლევარებისთვის საქართველო გახდება ახალი მიზიდულობის ცენტრი სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად.
საქართველოს განათლების სისტემაში ევროპული ხარისხის დანერგვისა და ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, ქართული დელეგაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტით იმყოფება.
შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ზვიად გაბისონია მიიჩნევს, რომ დღეს ქართული მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა:
„პრაქტიკულად დავასრულეთ „EURAXESS“- ში გაწევრიანების პროცედურა და ხელი მოვაწერეთ გაწევრიანების დეკლარაციას. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საქმის დასაწყისია. ამას უახლოეს დღეებში მოჰყვება საქართველოში „EURAXESS Gergia“-ს დაფუძნება. გარდა ამისა, უკვე გაჩნდა ბევრ უმნიშვნელოვანეს პროექტში ქართველი მეცნიერების, ასევე, სამეცნიერო ინსტიტუციების ჩართვის შესაძლებლობა. ეს ეხება პრაქტიკულად ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებასა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. ქართულ მეცნიერებას დაახლოებით 100 მილიარდამდე ბიუჯეტზე გაუჩნდება წვდომა.
გარდა ამისა, გაჩნდა შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ ევროკავშირის კვლევით პროექტებში. აქ საუბარია არა მხოლოდ „Horizon 2020“-ის პროექტებზე, არამედ ცალკეული ქვეყნების შიდასახელმწიფოებრივ საგრანტო პროექტებზე, რაც აქამდე მიუღწეველ და ურთულეს საქმედ ჩანდა. მას შემდეგ, რაც „EURAXESS Gergia“ დაფუძნდება და შეიქმნება შესაბამისი პლატფორმა, ევროკავშირის აღნიშნულ პროექტებზე პირდაპირი წვდომა გვექნება“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები