„კავკასიონი ფიქრობდა ჩემზე“ – სოფო ჩერქეზიშვილის გამოფენა გაიხსნება

27 სექტემბერს, 18:00 საათზე,  თბილისის ისტორიის მუზეუმში, სოფო ჩერქეზიშვილის გამოფენა  – „კავკასიონი ფიქრობდა ჩემზე“ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ ფარგლებში გაიხსნება.
„როდესაც ვხედავ ჩემს წინ კავკასიონს, ასე მგონია, რომ ყველაფერი შესაძლებელია, რომ მას ესმის ჩემი ხმა, ის მხედავს და თან დამყვება, ის ჩემი ენერგიაა, ცხოვრების ბოლომდე ღობესავით გარს მარტყამს. ის მშობელს ჰგავს, დიდია და უშიშარი, ჩემი ადამიანები ცხოვრობენ ამ ნახატებში მასთან ერთად”, – ეს სოფო ჩერქეზიშვილის ხედვაა. ამ ხედვით შეიქმნა პროექტი – „კავკასიონი ფიქრობდა ჩემზე“, რომელიც ფერწერული ნამუშევრებისა და ინსტალაცია-ობიექტისგან შედგება.
პროექტში „კავკასიონი ფიქრობდა ჩემზე“ ფერწერული ტილოების დინამიკა, როგორც უწყვეტი კადრი, გადადის ინსტალაცია-ობიექტთან. თითოეულ მათგანში კავკასიონის ფორმას ამოიკითხავთ. ისინი ქმნიან ჯარს, ცალკე ინდივიდებისას, რომლებიც პატარა მთებივით არიან. ქალის სილუეტები ხისგანაა გამოჭრილი და ყველა მნახველს ექნება საშუალება, ერთი წუთით მოირგოს ეს სხეული და გახდეს ამ ჯარის ნაწილი.
პროექტში, ერთგვარი მონტაჟის პრინციპით აგებულია მასთან თანამოზიარე სერია „მეც შენნაირი ვარ” – 7 მცირე ზომის ფერწერული ტილო, რომელიც პროექტის მნიშვნელოვანი დრამატურგიული აქცენტი გახდა, როგორც კედლის „შემოსაზღვრული” სივრცე. ეს სივრცე ერთგვარი ალუზიაა, რომელიც თავისი კონსტრუქციით კანკელის კარედს მოგაგონებს, როგორც ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ზღვარს, რომლის იქით უცნობი ნათელით სავსე სივრცე და მუდმივობის გარანტია, რომლის გადაბიჯება ოდესმე ყველას მოგვიწევს. საკურთხევლის კარედთან მსგავსება და ფერწერული ტილო სერიიდან „კავკასიონი ფიქრობდა ჩემზე” – ყვავილების თაღში, ცისფერ ფონზე ქალი, უფრო თამამი ასოციაციებისკენ გვიბიძგებს: ყველა ქალი, ლურჯ სამოსში, ღვთისმშობელზე მიგანიშნებთ. ქალი, რომელიც ხან დიდი და გოროზია, როგორც მთების მბრძანებელი, ხან საწოლზე მოხტუნავე პატარა გოგო , რომელსაც მთები მოდარაჯეებად გარს არტყამს, ხან ტყეში მოსეირნე მეოცნებე, ბოლოს კი, დედა ყვავილების გვირგვინით გარშემორტყმული; მაგრამ ყველას გაშიშვლებული აქვს მკერდი, მკვეთრად გამოხატული ძუძუსთავით, როგორც სამყაროსთან გახსნილობის, მიმღებლობის, სხვაზე ზრუნვის ნიშანი, ამავე დროს ის საოცრად ჰგავს სამიზნეს სროლაში მოვარჯიშეებისათვის. აქ კი ვერ გაექცევი კიდევ ერთ „გრძნობად აზრს”, რომ ეს ჩვენი სამშობლოს, მისი ბედისწერის სიმბოლოცაა.

გამოფენის კურატორია ნინო გუჯაბიძე.
გამოფენა 11 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) სიონის ქ. 8.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები