„დავით ჯავრიშვილი – ქორეოგრაფიული მეცნიერებიდან სპორტულ ხელოვნებამდე“ – გამოფენა გაიმართება

26 სექტემბერს, 19:00 საათზე,  მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ხელოვნების სასახლე და ფოლკლორის ეროვნული ცენტრი დავით ჯავრიშვილისადმი მიძღვნილ გამოფენას – „დავით ჯავრიშვილი – ქორეოგრაფიული მეცნიერებიდან სპორტულ ხელოვნებამდე“ მართავენ.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, დამთვალიერებელს საშუალება ექნება, იხილოს ხელოვნების სასახლის ფონდებში დაცული დავით ჯავრიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი უნიკალური მასალა. მათ შორის: ხელნაწერები, ფოტოები და სხვ.
გამოფენასთან ერთად მოეწყობა წიგნის პრეზენტაცია, რომელიც დავით ჯავრიშვილის საარქივო მასალის შესწავლისა და დამუშავების საფუძველზე გამოიცა.
დავით ჯავრიშვილი ქართული ტანვარჯიშის ერთ-ერთ ფუძემდებელი, ცნობილი ბალეტმაისტერი და ეროვნული ქორეოგრაფიის გამორჩეული მკვლევარი იყო. მის სახელთან არის დაკავშირებული ქართული კლასიკური ქორეოგრაფიის განვითარება და 80-მდე ქართული ხალხური ცეკვის სცენაზე გაცოცხლება.
დავით ჯავრიშვილი 1935 წ. ლონდონის საერთაშორისო ფესტივალზე ქართველ მოცეკვავეთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რასაც 1951 წ. ბერლინის საერთაშორისო ფესტივალი, 1955 წელს კი ვარშავაში გამართული ახალგაზრდობისა და სტუდენტთა V მსოფლიო ფესტივალი მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში არც ერთი ფესტივალი, ოლიმპიადა თუ მნიშვნელოვანი ღონისძიება არ ჩატარებულა დავით ჯავრიშვილს უშუალო თანამონაწილეობის გარეშე. ოლიმპიადების უკეთ ჩატარებისათვის მან საინსტრუქციო-მეთოდური წერილებიც კი შეიმუშავა.
დავით ჯავრიშვილი პირველი ქორეოგრაფია, ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ, მოსკოვის, პეტერბურგის, ხარკოვისა და ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრებში დადგმულ ქართულ ოპერებში ცეკვების დადგმა განახორციელა.
პროფესიულ მოცეკვავეთა კადრების შექმნის მიზნით 1934 თბილისში მან გახსნა უფასო ქორეოგრაფიულ სტუდია, რომელსაც შემდეგ მარია პერინის კერძო სტუდია შეუერთდა. 1935 წელს უკვე სახელმწიფოდ გადაკეთებულ სტუდიას 1952 წლამდე დავით ჯავრიშვილი, ხოლო 1957 წლიდან ვახტანგ ჭაბუკიანი ხელმძღვანელობდა.
გამოფენა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები