გივი მიქანაძე პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი მატეუშ შპიტი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. გადაწყდა, რომ წლის ბოლომდე გაცვლითი ვიზიტები განხორციელდება.
„ოქტომბრის ბოლოს საქართველოს პარლამენტის არქივის ხელმძღვანელი ვიზიტით ეწვევა პოლონეთს, სადაც გაეცნობა ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის საქმიანობას, იქ დაცულ მასალებს ისევე, როგორც მათი წარმომადგენლები ჩამოვლენ საქართველოში და საქართველოს პარლამენტში, არქივის თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა ინფორმაციას შეისწავლიან. შედეგად, ჩამოყალიბდება კონკრეტული წინადადებები სამომავლო, ერთობლივი პროექტების განხორციელების, საარქივო მასალების დამუშავებისა და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის მიზნით, როგორც საქართველოში ასევე, პოლონეთში. ასევე, არ გამოვრიცხავთ, რომ სამომავლოდ, ერთობლივი პუბლიკაციები მომზადდეს. ეს ორი ქვეყნის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი მიმართულება დაემატება”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ. მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია პოლონეთში ყველაზე დიდი საარქივო ინსტიტუციაა, რომელიც არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთ აქტიურად თანამშრომლობს საარქივო მასალების მოძიებასა და არქივების საერთაშორისო სტანდარტების კუთხით ფუნქციონირების თვალსაზრისით.
პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი საქართველოში აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან.
პარლამენტში გამართულ შეხვედრაში პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე შოთა გოშაძე და არქივის უფროსი ირაკლი იაკობაშვილი მონაწილეობდნენ.