დავით მათიკაშვილი: შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არ უნდა დადგეს
“შეწყალების კრიტერიუმების საკითხზე მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს”,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტი ამ საკითხზე სასაუბროდ და მსჯელობისთვის მზად არის.
„ეს არ არის ჩემი ინიციატივა, ამაზე დიდი ხანია, მიმდინარეობს საუბარი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდანაც, ინაუგურაციიდან მალევე გაცხადდა და იყო მსჯელობის საგანი, ზოგადად. იმ სამწუხარო პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც საქართველოში ისედაც არსებობდა, დაწყებული მიხეილ სააკაშვილის მიერ, გირგვლიანის მკვლელების შეწყალებით, რითაც საკუთარ დანაშაულს გაუსვა ხაზი და ეს სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა, შემდეგ იყო გიორგი მარგველაშვილის მხრიდან სკანდალური შეწყალებები და შემდეგ ეს ფაქტები. თუ არის რამე რესურსი, რომ საკანონმდებლო დონეზე მოხდეს რამე სახით ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის გარკვეულწილად შეზღუდვა, თუ სამართლებრივი რესურსი არსებობს, ჩვენ მზად ვართ ამაზე სასაუბროდ და შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატის თქმით, საკითხს აქვს, როგორც მორალური, ისე სამართლებრივი მხარე. მისივე განმარტებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი არ უნდა დადგეს.
„სამართლებრივი მხარეა ის, რომ პრეზიდენტს შეუძლია, თავისი სუბიექტური გადაწყვეტილებით შეწყალება და კონკრეტული პირის დამნაშავე-უდანაშაულობის საკითხები არ წყდება, მაგრამ არის მეორე – მორალური საკითხი, რომელიც საზოგადოებაში მსჯელობის საგანი გახდა. ამიტომ, თუ ამ საკითხზე საპარლამენტო დონეზეც იმსჯელებენ, მზად ვარ, ჩავერთო“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.