ანაკლიაში პოეზიის საერთო-კავკასიური ფესტივალი გაიმართა

პოეზიის საერთო-კავკასიური ფესტივალის  „ანაკლია – 2019“-ის წარმატებით ჩატარების თაობაზე წერს პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი. იგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფესტივალს საგანგებო პოსტით ეხმიანება.

„პოეზიის საერთო-კავკასიურმა ფესტივალმა „ანაკლია – 2019“-მა ამჯერადაც დიდი წარმატებით ჩაიარა.
შეიძლება ითქვას, რომ ეს ფესტივალი, თავისი ფორმით, შინაარსითა და მასშტაბებით უნიკალურია, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის კულტურულ სინამდვილეში.
ფესტივალი აერთიანებს როგორც ჩრდილო, ისე სამხრეთ კავკასიაში და მის ფარგლებს მიღმა არსებულ ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებს, აგერ უკვე მესამე წელიწადია ერთად უყრის თავს საქართველოში და სიტყვის, ფერისა და მუსიკის დაუვიწყარი ზეიმის მონაწილეებად ხდის მათ.
ფესტივალს აქვს ერთი განსაკუთრებულად საინტერესო თავისებურება: მონაწილეები საკუთარ ნაწარმოებებს აუცილებლად მშობლიურ ენაზე წარადგენენ.
წლევანდელი ფესტივალის ყველასათვის სასიამოვნო სიახლე იყო ის, რომ გამოიცა და ფართო აუდიტორიას წარუდგინეს კავკასიელ ავტორთა პოეტური თარგმანების ანთოლოგია და, როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, ის ყოველწლიურად გამოიცემა.
წლევანდელი ფესტივალი კავკასიური საერთო სახლის იდეის ავტორისა და მისთვის დამაშვრალი მებრძოლის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ბატონი ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.
წლევანდელ ფესტივალზე მონაწილეთა რიცხვიცა და გეოგრაფიაც გაცილებით დიდი იყო, ვიდრე გასულ წელს. ფესტივალში 40-მდე ხელოვანი მონაწილეობდა საქართველოდან, ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან, ჩერქეზეთიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან, აფხაზეთიდან, ოსეთიდან, დაღესტნიდან, იორდანიიდან, შვედეთიდან და აშშ-დან.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ წელს კავკასიის უხუცეს მწერალსა და ჰუმანისტს ინგუშეთიდან, ბატონ ისა კაძოევს მიენიჭა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
ანაკლიის საერთო-კავკასიური ფესტივალი ეს არის თავისებური ჰუმანიტარული ხიდი ჩვენს მრავალმხრივად ურთულეს რეგიონში, ჭეშმარიტად დიდი და გულწრფელი ურთიერთსიყვარულის გამოხატულება კავკასიელ ეთნოსთა შორის, პოეზიისა და სიტყვის ზეიმი, რომელსაც თითოეული მისი მონაწილე თანაბრად და ცხადად გრძნობს და რაოდენ ბედნიერი და დასაფასებელია ადამიანი, ვისი თაოსნობითაც დაარსებულა და იმართება ყოველწლიურად ასეთი ისტორიული, დიდებული და პერსპექტიული პროექტი, რომლის ანალოგიც ჯერჯერობით ვერ მოიძებნება ჩვენს კულტურულ სივრცეში.
სწორედ ამიტომაც, პირველ რიგში, დიდ მადლობა ბატონ მერაბ ჩუხუას ამ დიდი საქმის სულისჩადგმისა და თაოსნობისათვის!
მადლობა თბილისის ჩერქეზული კულტურის ცენტრს ფესტივალის ორგანიზებაში გაწეული საქმიანობისთვის!
მადლობა ფესტივალის თანაორგანიზატორ საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო “პროფილს”!
მადლობა ფესტივალის რუსულ-ინგლისურენოვან თარჯიმანს ქალბატონ ციცი გაბესკირიას!
მადლობა სამეგრელო-ზემოსვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასა და ზუგდიდი მუნიციპალიტეტის გამგეობას!
მადლობა ფესტივალის ყველა მონაწილესა და სტუმარს!
მომავალ შეხვედრამდე, ძვირფასო მეგობრებო!“ – წერს მიხეილ ღანიშაშვილი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები