სოფო კილაძე: დანაშაულის შემთხვევაში, არც ერთი პირი არ უნდა იყოს ხელშეუხებელი, არც დეპუტატი, არც პრეზიდენტი, არც პრემიერი
“მსჯავრდებულთა წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში, პრეზიდენტიც დაცული იქნება და საზოგადოებაც”,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, სოფო კილაძემ განაცხადა. მისი თქმით, დანაშაულის შემთხვევაში, არც ერთი პირი არ უნდა იყოს ხელშეუხებელი, თუმცა უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა დანაშაულს ადგილი.
„მართალია, ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, თუმცა, თუ ჩვენ გვექნება წინასწარ გაწერილი კრიტერიუმები, ამ შემთხვევაში, დაცული იქნება თავად პრეზიდენტიც შეცდომისგან და საზოგადოებაც ისეთი გადაწყვეტილებებისგან, რომელიც მას გარეთ გამოშვებულ საშიშ დამნაშავეებს მოუტანს, რომლებმაც შეიძლება, საფრთხის ქვეშ დააყენონ კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე და სხვა სიკეთეები, რასაც კანონმდებლობა იცავს.
კონკრეტული დანაშაულის შემთხვევაში, არც ერთი პირი არ უნდა იყოს ხელშეუხებელი, არც დეპუტატი, არც პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი. საქმე ის არის, ჰქონდა თუ არა დანაშაულს ადგილი, თუ არ ჰქონდა, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ტყუილად ესვრიან ტალახს“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის აღმოჩდნენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.