ნინო გოგუაძე მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს: თქვენ რომ ყოფილიყავით ის, ვინც დეკემბერში პარლამენტში სია წარმოადგინა, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებას მიიღებდით?
ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების” წარმომადგენელმა ნინო გოგუაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს, მოსამართლეობის კანდიდატს, მერაბ გაბინაშვილს, კითხვებით მიმართა.
„თქვენ ისაუბრეთ გამოხატვის თავისუფლებაზე და მედიის უფლებებზე. თქვენი შეფასებით, სად უნდა იყოს ზღვარი გამოხატვის თავისუფლებას შორის და იქ, სადაც შეიძლება უკვე ეს ზღვარი გაივლოს, მათ შორის, სასამართლოს რეპუტაციაზე. ამ საკითხებთან დაკავშირებით თქვენი განცხადების მიხედვით, პიროვნული შეურაცხყოფა არ არის გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ვაპირებთ არც ერთ შემთხვევაში არ შევეგუოთ ამ დაუმსახურებელ პიროვნულ შეურაცხყოფას, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული ქმედებაა. რას მიიჩნევთ პიროვნულ შეურაცხყოფად? როდესაც თქვენ ეს განცხადება გააკეთეთ, ბუნებრივია, რომ რაღაც შემთხვევას გულისხმობდით. არ მგონია, რომ ეს ზოგადი შეფასება ყოფილიყო. ჩემთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ეს იქნება საკითხი, რომელიც ჩემი მხრიდან მხედველობაში მიიღება მაშინ, როდესაც მოსამართლესთან დაკავშირებით საბოლოოდ ვიმსჯელებ. ამიტომ მინდა გკითხოთ – კონკრეტულად რას გულისხმობთ, მაინტერესებს თქვენთვის რა ტიპის გამოხატვა გადის ამ ზღვარზე, როდესაც ვსაუბრობთ შეურაცხყოფაზე? შეურაცხყოფა ძალიან ზოგადი ცნებაა, ძალიან სუბიექტური საკითხიც არის, ამიტომ ბუნებრივია გამოხატვის თავისუფლება სწორედ ამას გულისხმობს, რომ შეურაცხყოფა ავიტანოთ სხვისგან. ამიტომ მე მაინტერესებს თქვენ სადამდე მიდიხართ ამ შეფასებაში?” – განაცხადა გოგუაძემ.
ნინო გოგუაძე ასევე დაინტერესდა, მოსამართლების კანდიდატის აზრით იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დიდია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესისადმი საჯარო ინტერესი.
„როგორ ფიქრობთ, ის პროცესი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისას ხდება, ეს პროცესი, რაც საბჭომ გაიარა კონკურსი, გასაუბრება, რა შთაბეჭდილებას გიტოვებთ? არის თუ არის ამ საკითხთან და ამ პროცესთან მიმართ დიდი საჯარო ინტერესი? როგორ ფიქრობთ ამ გამჭირვალეობამ, საზოგადოების ინტერესი დააკმაყოფილა? პროცესის მიმართ სანდოობა უფრო მეტად გაჩნდა საზოგადოების მიერ?
თქვენი პასუხებიდან მე დავასკვენი, რომ ამ პროცესების მიმართ საჯარო ინტერესი მაღალია. ამ გამჭირვალეობამ, ამ პროცესის ამგვარად წარმართვამ, ნომინაციის პროცესმა, იუსტიციის საბჭოში წარმართულმა პროცესმა, სანდოობა შესძინა ამ პროცესს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მაქვს ერთი შეკითხვა – თქვენ, თუნდაც, დღევანდელი მოცემულობიდან, სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდით დეკემბერში სიების წარმოდგენასთან დაკავშირებით, თქვენ რომ ყოფილიყავით მათ შორის, გადაწყვეტილების მიმღები, ვინც პარლამენტში სია წარმოადგინა, იმ გადაწყვეტილებას მიიღებდით თუ არა მაინტერესებს კონკრეტული პასუხი”, – აღნიშნა ნინო გოგუაძემ.