ვოლდროფის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ვოლდროფის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
მოსწავლეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი შეხვდა და ოზონის დაცვის საერთაშორისო დღის ისტორიასა და მნიშვნელობაზე დეტალურად ესაუბრა, ასევე მოსწავლეებმა ოზონის შრის და ამ მხრივ საქართველოში არსებული რეალობისა და მიღწეული შედეგების შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მოსწავლეები გამოცხადებული კონკურსის პირობებს გაეცნენ, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით პროექტის – “ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება მონრეალის ოქმის განხორციელების ხელშეწყობისთვის” – ფარგლებში ოზონის შრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იმართება გზავნილით: “დაიცავი ოზონის შრე – დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც VII-XII კლასის სკოლის მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებსა და ვიდეოგრაფიკოსებს.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მოსწავლეებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.