„ლელო“ პოლიტიკურ პარტიებს პირველი ინიციატივით მიმართავს
საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელოში“ პარლამენტში იუსტიციის საბჭოს მიერ შერჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დაწყების პროცესს გამოეხმაურნენ.
როგორც პრესკონფერენციაზე მოძრაობის სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, „საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს იუსტიციის საბჭოს მიერ არალეგიტიმური პროცესის შედეგად შერჩეულ არც ერთ კანდიდატს, რადგან შერჩევის პროცესმა საზოგადოებაში ვერ გააჩინა მინიმალური სანდოობაც კი.
ნათელია ყველასთვის, რომ შერჩევის პროცესი ფარსს წარმოადგენდა. ნათელია, რომ იუსტიციის საბჭოს მიზანი ამ პროცესში არ იყო კონსტიტუციით მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულება – კომპეტენტური და კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევა და წარდგენა პარლამენტისთვის.
უზენაესი საბჭოს წევრების უმრავლესობა არის არაკეთილსინდისიერი და უკვე წლებია ისინი აზიანებენ მართლმსაჯულების ინტერესებს. მოცემული სიიდან თუნდაც ერთი კანდიდატის დამტკიცება პარლამენტის მიერ იქნება ფარსში თანამონაწილეობა და დააკანონებს სასამართლო სისტემის მითვისებას მმართველი პარტიის მხრიდან“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მოძრაობის წევრმა კახა კოჟორიძემ კი განაცხადა, რომ „ლელო“ გამოდის ინიციატივით, იმ კონსენსუსის აკუმულირებისა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. მოხდეს გაერთიანება მიუხედავად ყველანაირი პოლიტიკური, პარტიული თუ ნებისმიერი სხვა განსხვავებისა. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ სასამართლო სისტემა არის ზესახელმწიფოებრივი საკითხი. უნდა გადავდოთ პარტიული კუთვნილება და ამ საკითხის ირგვლივ შევძლოთ და მოვახერხოთ გაერთიანება.
ჩვენი ინიციატივაა, რომ შეიქმნას წინასწარ წერილობითი დოკუმენტი, სადაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, პოლიტიკური პარტიები, ცალკეული ადამიანები, იურისტები შევთანხმდებით გამოსავალზე ამ მძიმე მანკიერი სიტუაციიდან. ასეთი გამოსავალი საქმეში ვერ გადაითარგმნება პოლიტიკური ცვლილებების გარეშე. ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წინასწარ აიღონ წერილობითი ვალდებულება, რომ ამ გამოსავლის დოკუმენტში თითოეული ამ პარტიის წევრი ხმას მისცემს და მხარს დაუჭერს, მიუხედავად იმისა რამდენ კაცს გაიყვანს პარლამენტში“,-განაცხადა კოჟორიძემ.