იმერეთის პოლიციამ ქურდობის 3 ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ა.კ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფეთში, ორი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწია, საიდანაც ორი ტელევიზორი და სხვადასხვა ნივთი მოიპარა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ა.კ.-მ სამტრედიის რაიონის სოფელ ოფეთში მშენებარე ეკლესიის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი მოიპარა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები