თბილისის მასშტაბით ძლიერი ქარის გამო შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 270 შეტყობინება შევიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, უწყებაში 21:00 საათისთვის შესულია 270 შეტყობინება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შეტყობინებები ძირითადად ხეების წაქცევას, ტოტების მოტეხვას, შენობების კედლებიდან გარე საფარის ჩამოშლასა და სახურავების დაზიანებას ეხება.

მათივე ინფორმაციით, ყველა შემთხვევაზე გავიდნენ სამაშველო ჯგუფები.

„დოლიძის ქუჩაზე, ძლიერი ქარის შედეგად, მოტეხილი ტოტი ორ მოქალაქეს დაეცა. მამაკაცები მსუბუქად დაშავდნენ. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა. ასევე, დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი და ელექტროგადამცემი ხაზები.

გარდა ამისა, დაფიქსირდა შეტყობინებები რუსთავში, სადაც ქარმა შენობებს სახურავები გადახადა და ხეები წააქცია, დაშავებული არავინაა. ქვეყნის მასშტაბით, სხვა ქალაქებში ქარის შედეგად გამოწვეულ ინციდენტებზე შეტყობინება არ შემოსულა.

ამ დროისთვის შეინიშნება ქარის სიმძლავრის კლების ტენდენცია, შეტყობინებების შემოსვლის ინტენსივობა შემცირებულია“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები