ქეთევან ციხელაშვილი: მავთულხლართების გასწვრივ მაცხოვრებლების მიმართ გაცემული დაპირებების ნაწილი შესრულდა, ნაწილი კი შესრულების პროცესშია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სოფელ გუგუტიანთკარის მაცხოვრებლების მიმართ გაცემული დაპირებების ნაწილი შესრულდა, ნაწილი კი შესრულების პროცესშია. როგორც მან აღნიშნა, ეს ყოველივე არამხოლოდ გუგუტიანთკარში, არამედ მავთულხლართების გასწვრივ მცხოვრებ ყველა ოჯახზე ვრცელდება.
„დაპირებები გაიცა და შესრულდა. შესაძლებელია, აქციის მონაწილეებს არ ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ მათ შორის ის კონკრეტული პირობები, რომლებიც გუგუტიანთკარის მაცხოვრებლების მიმართ გაიცა, ეს პირობები, რა თქმა უნდა, შესრულდა და ნაწილი შესრულების პროცესშია, რადგან ცოტა გრძელვადიან სოციალურ უზრუნველყოფასაც უკავშირდება. არა მარტო გუგუტიანთკარში, ჩვენ ვსაუბრობთ მავთულხლართების გასწვრივ დაახლოებით 20 ათას ოჯახზე, რომელიც მუდმივად, 2013 წლიდან სხვადასხვა სახის დახმარებას იღებს და მათ საჭიროებებზე მუდმივად რეაგირებს.
დღეს მე ძალიან დეტალური ანგარიში მექნება ამასთან დაკავშირებით და მინდა, საზოგადოებამ გაიგოს. არა იმიტომ, რომ ეს კეთილი ჟესტია, ეს ჩვენი ვალდებულებაა, მაგრამ მინდა, ამ სულისკვეთებაში საზოგადოებაც შემოგვიერთდეს. უბრალოდ, ცრუ ინფორმაციისგან თავი შევიკავოთ. ეს ადამიანები ისედაც წნეხის ქვეშ არიან და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით უკეთეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდებიან“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
ცნობისათვის, ქეთევან ციხელაშვილს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.