სოფო კილაძე: მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოვახდინოთ პრობლემების იდენტიფიცირება  და აღმოვფხვრათ ისინი

„ჩვენ –   ქართულმა ოცნებამ, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ბოლო წლებში ძალიან ბევრს მივაღწიეთ ადამიანის უფლებების სფეროში –  ამის შესახებ პარლამენტში საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წელის ანგარიშის მოსმენის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს დაახლოებით, 4-ჯერ და 5-ჯერ ნაკლები მოქალაქე მიმართავს სტრასბურგს, რაც თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ  4-ჯერ და 5-ჯერ ნაკლები მოქალაქე თვლის, რომ სახელმწიფომ მისი უფლებები დაარღვია.

„ჩვენ –   ქართულმა ოცნებამ, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ბოლო წლებში ძალიან ბევრს მივაღწიეთ ადამიანის უფლებების სფეროში და ამას მოწმობს ის კონკრეტული ციფრები, რომელსაც თქვენ ხედავთ მონიტორზე. ეს არის სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წასული საქმეების რიცხვი წლების მიხედვით და თქვენ ხედავთ ძალიან დიდი კონტრასტს, რა იყო 2012 წლამდე და რა არის 2012 წლის შემდეგ. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს დაახლოებით, 4-ჯერ და 5-ჯერ ნაკლები მოქალაქე მიმართავს სტრასბურგს, რაც თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ  4-ჯერ და 5-ჯერ ნაკლები მოქალაქე თვლის, რომ სახელმწიფომ მისი უფლებები დაარღვია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ისმის კითხვა,  არის თუ არა ეს საკმარისი? რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ თვითკმაყოფილები, როდესაც გვყავს ბავშვები, რომლებიც შიმშილობენ; ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ თვითკმაყოფილები, როდესაც იმდენად მაღალია მედიკამენტებზე ფასები, რომ  მოხუცებს საკუთარი პენსიაც არ ჰყოფნით მედიკამენტებში; ჩვენ ვერ ვიქნებით თვითკმაყოფილები, როდესაც გვყავს უამრავი დედა, რომელიც იძულებულია, დატოვოს ოჯახი და წავიდეს ემიგრაციაში, რომ ოჯახს საარსებო წყარო გამოუგზავნოს. თუმცა მთავარია ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოვახდინოთ იდენტიფიცირება პრობლემების და აღმოვფხვრათ ისინი. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი საქართველოს პარლამენტში არის სახალხო დამცველის ყოველწლიური მოხსენება, სადაც ხდება კონკრეტული გამოწვევების იდენტიფიცირება და უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს გამოწვევები  ვაქციოთ პოზიტივად და ხალხისთვის კონკრეტულ სიკეთეებად.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თითოეულ დეპუტატს ჩვენი კომიტეტის აპარატის თითოეულ  თანამშრომელს, რომელმაც ძალიან დიდი მუშაობა გაწია იმისთვის, რომ სახალხო დამცველის ეს სქელტანიანი ანგარიში დაემუშავებინა და იმ დადგენილების პროექტად ექციათ, რომელიც თქვენ წინაშე არის დარიგებული.

რაც შეეხება ანგარიშს, მონიტორზე ხედავთ, რომ წელსაც ისევე, როგორც წინა წლებში გვაქვს პოზიტიური დინამიკა სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების გაზიარების. წელს ჩვენმა კომიტეტმა 84%-ზე მეტი  გაიზიარა სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების და ეს უნდა შეფასდეს ცალსახად დადებითად, რადგან ეს არ არის მხოლოდ რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციების უკან კონკრეტული სიკეთეები, კონკრეტული რეფორმებია მიმართულებების მიხედვით ჩვენი მოქალაქეებისათვის და ამდენად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, სანამ გამოწვევებზე ვისაუბრებთ, მსმენელისთვის ობიექტური სურათის შესაქმნელად კარგი იქნება წარმოვადგინოთ ის დადებითი ტენდენციები, რომელიც სახალხო დამცველმა აღნიშნა თავის მოხსენებაში. მაგალითისთვის, ის, რომ პენიტენციურ სისტემაში იკლო მიმართვიანობამ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. იგივე სიტუაცია გვაქვს პოლიციაში, როდესაც იკლო მიმართვიანობამ პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩვენ გვაქვს გაზრდილი დაფინანსება ონკოლოგიური პაციენტების მომსახურების კუთხით, გაზრდილი დაფინანსება ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით და ა. შ. ყველას არ ჩამოვთვლი, მაგრამ  ცალსახად არის დადებითი ტენდენციები, რაც 2018 წელს დაადგინა სახალხო დამცველმა. თუმცა ჩემი გამოსვლის მთავარი საგანი არის გამოწვევები, ის ხარვეზები, რომელიც გვაქვს და რომელსაც უნდა მივხედოთ.
პირველ რიგში, სერიოზული გამოწვევა გვაქვს ძალიან მაღალი ფასების კუთხით მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე. ამ მიმართულებას აუცილებლად კარგად უნდა მივხედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში , თუ დროზე არ მივხედავთ, გვეყოლება ადამიანები, რომლებიც იძულებული იქნებიან ბოლო თეთრები გადაიხადონ წამალში და დატოვონ საკუთარი ოჯახი მშიერი. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გვჭირდება მეტი ადგილი, რადგან არსებული ადგილები არ არის საკმარისი პაციენტებისთვის ისევე, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც აუცილებლად უნდა განვახორციელოთ, რაც, როგორც სახალხო დამცველმა თქვა, არის მართლაც  კრიტიკული ზოგიერთ დაწესებულებაში. სამწუხაროდ, ჩვენი ბევრი თანამემამულე სიდუხჭირეში ცხოვრობს და ჩვენ ვერ მოვახერხეთ ეს წლები და ეს ადამიანები ვერ გამოვგლიჯეთ სიდუხჭირეს თავისი მარწუხებიდან., რა თქმა უნდა, ვერ ავუვლი გვერდს ყბადაღებულ სოციალური ქულების თემას, რომელიც დიდ გამოწვევად რჩება ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის და სოციალური ქულების თემა არის ერთ-ერთი მტკივნეული წერტილი. აუცილებლად უნდა მოვახდინოთ მობილიზება სახელმწიფო რესურსების, თანხების იმისთვის, რომ ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებამდე მივიდეთ და იმ ადამიანებამდე მივიდეთ, ვისაც რეალურად სჭირდება სახელმწიფოს დახმარება. ბავშვები – ეს არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი თემა, მაგრამ სამწუხაროდ აქაც გვაქვს უამრავი პრობლემა, რომელიც საჭიროებს სერიოზულ რეფორმას და ამ კუთხით ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ძალიან ბევრს. იუსტიციის სისტემაში პენიტენციურ სისტემაში ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ პრევენციული პროგრამები განგვეხორციელებინა, ბევრი რამ გავაკეთეთ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის, მაგრამ უფრო მეტია კიდევ საჭირო და ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც გამოვლენ  სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან და ექნებათ მომავლის იმედი, ექნებათ პროფესია და  შანსი იმისა, რომ იყვნენ რეალიზებული საზოგადოებაში და ამაზე ჩვენ ბევრი მუშაობა გვჭირდება. შსს კუთხით ვფიქრობ, რომ შეიძლება მეტი გაკეთდეს იმისთვის, რომ პოლიციამ საკუთარი და ძირითადი ფუნქცია რაც არის – პირველადი პრევენცია ჯეროვნად შეასრულოს. ჩვენ გვჭირდება პოლიცია, რომელიც ხალხს უყვარს, რომელიც  ხალხს ეხმარება და იცავს მის უფლებებს. ამ კუთხით სამუშაო გვაქვს . ასევე უნდა გაგრძელდეს პოლიციაში სამხრე კამერებით აღჭურვის ტენდენცია , რაც დაიცავს როგორც მოქალაქეს არაკეთილსინდისიერი პოლიციელისგან, ასევე პოლიციელს – არაკეთილსინდისიერი მოქალაქისგან და ეს სერიოზული გარანტია იქნება, თუ ამას შესაბამისად გავაგრძელებთ. პროკურატურის კუთხით, ის 21 ტრაგედია, რომელიც მოხდა, აუცილებლად უნდა გავიზიაროთ . ეს არის მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩის ტრაგედიები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახებს და ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ პროკურატურამ ეს ორი საქმე აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოს იმისთვის, რომ სრული ჭეშმარიტება დადგინდეს, რა მოხდა სინამდვილეში და დაისაჯონ პასუხისმგებელი პირები.

ჩვენი შვილების განათლება არის ერთ-ერთი დიდი თემა, სადაც ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები დაწყებული სკოლების სახელმძღვანელოებიდან, სადაც ხშირად ვერც მშობელი და ვერც ბავშვი ვერ იგებს , რა წერია. დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებით, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ძალიან ბევრ რეგიონში, სამწუხაროდ, ბავშვები არასათანადო პირობებში უწევთ განათლების მიღება.

უმცირესობები წარმოდგენს ერთ-ერთ ძალიან დიდ გამოწვევას, ჩვენ გვაქვს გამოწვევები სხვადასხვა მიმართულებით , იქნება ეს შშმ პირები, რელიგიური, ეთნიკური თუ სხვადასხვა უმცირესობები. ეკოლოგიური საკითხები არის ერთ-ერთი მიმართულება სადაც განსაკუთრებული ძალისხმევა გვმართებს იმ ბუნების მოსავლელად, რომელიც ჩვენივე ხელით გავანადგურეთ ხშირ შემთხვევაში და მოსახლეობის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, იცხოვროს ჯანსაღ გარემოში და სახელმწიფოს ვალდებულებაა, იზრუნოს ამ მიმართულებაზე. მე ბევრი შემიძლია ვისაუბრო გამოწვევებზე, მაგრამ საბოლოო სახით შემიძლია ვთქვა, რომ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ არ არსებობს იდეალური სახელმწიფო, ერთადერთი , რაც არსებობს,  არის მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ და სწრაფვა უკეთესობისკენ. ყველას მოგიწოდებთ, კოლეგებო, რომ მხარი დავუჭიროთ. ჩვენი,  ყველას პასუხისმგებლობაა, გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც ჩვენს ქვეყანაში კონკრეტულ ადამიანებს მოუტანენ სიკეთეს და ისევ და ისევ ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ გადავდოთ გვერდზე პოლიტიკური განსხვავებები და როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებს, ყველანი ერთად დავდგეთ და ყველამ ერთად დავიცვათ ადამიანის უფლებები. ამ შემთხვევაში თქვენი ნაბიჯი ერთ-ერთი შეიძლება იყოს მხარდაჭერა იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც ნამდვილად სიკეთეს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს”, – განაცხადა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები