სახალხო დამცველი დადებითად აფასებს შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის შედეგებს

0

„2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, შემცირებულია საქართველოს სახალხო დამცველის წინადადებების რაოდენობა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი ძალადობის ფაქტების გამოძიების შესახებ”, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში – „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ”.

ანგარიშში დადებითადაა შეფასებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლადშექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის შედეგები.

ანგარიშის თანახმად, მისასალმებელია პოლიციის დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დანერგვა. აგრეთვე მისასალმებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო სისტემების განახლების პროცესი მათი ტექნიკური საშუალებების მახასიათებლების გასაუმჯობესებლად;
მისასალმებელია 2018 წლის მაისიდან პატრულ-ინსპექტორების გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე სამხრე კამერებით აღჭურვა, რაც მოიცავს უფრო ხანგრძლივ სამუშაო და ჩაწერის რეჟიმებს, ასევე ცენტრალიზებული მართვისა და მონაცემთა შენახვის შესაძლებლობას;

დადებითად აღინიშნება, რომ 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს შემცირებულია იმ შემთხვევების რაოდენობა, როდესაც იზოლატორში მოთავსებულ პირებს აღენიშნებოდათ დაზიანებები;

2018 წელს გაუმჯობესებულია ოჯახის წევრებისთვის დაკავების შესახებ ინფორმაციის მიწოდების დინამიკა;
მისასალმებელია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აანალიზებს ოჯახში შესაძლო ძალადობის და ოჯახური კონფლიქტის შესახებ სსიპ 112-ში შესულ შეტყობინებებს;
დადებითად აღინიშნება 2018 წლის 1 ივლისიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული ხაზით მომუშავე დაახლოებით 14 000 თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოს გაზრდა 250 ლარით;

მისასალმებელია, რომ 2018 წელს ჩატარდა სარემონტო სამუშაოები დროებითი მოთავსების იზოლატორებში ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.

კომენტარები

კომენტარი