ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია, ყველა მიმართულებით დაიხვეწება სისტემა, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს კორუფცია და განხორციელდეს პრევენცია, საკადრო კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და ამ ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი იყო ის, რომ კორუფციის შემცირების მიმართულებით გადაგვედგა კონკრეტული ნაბიჯები
საკადრო კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და ამ ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი იყო ის, რომ კორუფციის შემცირების მიმართულებით გადაგვედგა კონკრეტული ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობამ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები გამჭვირვალობის მიმართულებით და დღეს მთავრობის ყველა სამართლებრივი აქტი, დადგენილება და განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე.
„ჩემთვის საამაყოა ის გუნდი, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული საქართველოს მთავრობაში. არამარტო მინისტრების დონეზე, ქვედა დონეზეც არაერთი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება განხორციელდა. ასევე, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები გამჭვირვალობის კუთხით. გამჭვირვალობა ძალიან არ უყვართ ჩვენს ოპონენტებს, დემოკრატიის დიდ მიმდევრებს, „ენჯეოებს”, მათ გარე პატრონებს, თუმცა გამჭვირვალობა მთავრობისთვის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. თქვენ იცით, რომ ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ ამ მიმართულებით – საქართველოს მთავრობის ყველა სამართლებრივი აქტი, დადგენილება და განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, ყველას შეუძლია ნახოს, რა გადაწყვეტილებები მიიღო მთავრობამ ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ჩვენ გამოვეცით ათასობით სამართლებრივი აქტი, ყველას შეუძლია გაეცნოს ამ აქტებს და თუ ერთ აქტში მაინც აღმოაჩენენ კორუფციის რისკებს, ამაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ვაგებთ პასუხს. დღემდე, არ ყოფილა არც ერთი აქტი, რამაც გააჩინა თუნდაც ეჭვი კორუფციასთან დაკავშირებით, არავითარი საფუძველი ამისათვის არ მიგვიცია არავისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სრულად გამჭვირვალეა ათასობით სამართლებრივი აქტი, რომელსაც გამოსცემს საქართველოს მთავრობა“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკის აღკვეთა, რაც არის კორუფციის პრევენციის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი.
„პრაქტიკის დახვეწის მიმართულებით, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკის აღკვეთა, პრაქტიკულად, საერთოდ აღარ ხდება უძრავი ქონების გაყიდვა პირდაპირი წესით, რაც არის კორუფციის აღკვეთის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი. სხვა მიმართულებითაც ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაუმჯობესდეს ჩვენი პროექტების ხარჯეფექტიანობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯეფექტიანობა. აქაც გვინდა შევქმნათ ისეთი სისტემა, სადაც ყველას ექნება პროექტებზე დაკვირვების შესაძლებლობა, მათ შორის, ხარჯეფექტიანობის კუთხით. სრული გამჭვირვალობა იქნება უზრუნველყოფილი, არც ერთ შემთხვევაში, პროექტების ღირებულება არ იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ეს არის საბაზრო ღირებულება. მაქსიმალური გამჭვირვალობა და მაქსიმალური ხარჯეფექტიანობა იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, ყველა მიმართულებით გადაიდგმება ნაბიჯები იმისათვის, რომ არ არსებობდეს არავითარი კითხვის ნიშანი კორუფციასთან დაკავშირებით.
„გაძლიერდება კონკრეტული ინსტიტუტები, მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციაში გავაძლიერეთ ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს აუდიტს და აკონტროლებს, მათ შორის, მსხვილ შესყიდვებს სამთავრობო უწყებებში. ასევე, გაძლიერდება სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რასთან დაკავშირებითაც გვქონდა მნიშვნელოვანი კონსულტაციები. გაძლიერდება სუს-ის ანტიკორუფციული მიმართულება. ყველა მიმართულებით დაიხვეწება სისტემა, რომ მაქსიმალურად აღიკვეთოს კორუფცია და განხორციელდეს კორუფციის პრევენცია,რასაც საზოგადოება დაინახავს საკუთარი თვალით. მათ შორის, ჩვენი კონკრეტული ნაბიჯები პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპებზეც. დადებითი მიმართულებით უნდა შეიცვალოს ეკონომიკური ზრდის ტემპი დამატებით, იმაზე ზევით, რაც აქამდე გვქონდა. ამას უზრუნველყოფს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა ჩვენი მხრიდან“, – აღნიშნა პრემიერმა.