ამერიკულმა ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37-მა და სეს-მა ხორცის მწარმოებლებისთვის ტრენინგები დაიწყეს

ამერიკულმა ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37-მა და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში” ფარგლებში, ტრენინგების ციკლი სასაკლაოების, ცოცხალი ცხოველების მომწოდებლების, ხორცის სადისტრიბუციო და გადამამუშავებელი კომპანიების წარმომადგენლებისათვის დაიწყეს.
პროექტი მიზნად ისახავს ჰიგიენის თემაზე მათი ცოდნისა და კომპეტენციის ამაღლებას, რათა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საფრთხეები მინიმუმამდე შემცირდეს და ხორცის ბაზარზე საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები დამკვიდრდეს.

როგორც ,,კვირას” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ ადგილობრივ რეგულაციებს, მიმოიხილავენ ხორცის საწარმოებისთვის განკუთვნილ წარმოებისა და ჰიგიენის საუკეთესო პრაქტიკებს და მსოფლიოში აღიარებულ სურსათის უვნებლობის მართვის, კერძოდ, „საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემას (HACCP), რომლის დანერგვაც, საქართველოს კანონმდებლობით, სავალდებულოა რძისა და ხორცის პროდუქტების მწარმოებელი ბიზნესოპერატორებისთვის.

ტრენინგს ასევე დაესწრებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები, რომლებიც ახორციელებენ მონიტორინგს საწარმოებში სურსათის უვნებლობაზე. ტრენინგების ციკლში ინსპექტორების ჩართულობა უზრუნველყოფს ბიზნესოპერატორებისთვის სურსათის ჰიგიენის ძირითადი პრინციპების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე და ინსპექტირებისთვის მათ მზაობას.

ტრენინგკურსი შეიქმნა Land O’Lakes Venture37-ის მიერ სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, იმისათვის რომ ხელი შეეწყოს კერძო სექტორის განვითარებას და ფუნქციონირებას. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით, სურსათის მწარმოებელი ბიზნესოპერატორები ვალდებულნი არიან ჩაუტარონ შესაბამისი ტრენინგი და ინსტრუქტაჟი იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სურსათის ჰიგიენასთან აქვთ კავშირი, რათა მომხმარებლებს უსაფრთხო საკვების წარმოების გარანტია მისცენ.

5-წლიანი პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში – საქართველო” დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ, რომელსაც ახორციელებს Land O’Lakes Venture37-ი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, რათა საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტები გაუმჯობესდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები