“აზერბაიჯანი საქართველოსთვის არა მხოლოდ წამყვანი სავაჭრო-პარტნიორია, არამედ ბოლო წლებში ლიდერია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისითაც”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას აზერბაიჯანში ვიზიტს, ექსპსერტი ეკონომიკის საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, აზერბაიჯანი საქართველოსთვის არა მხოლოდ წამყვანი სავაჭრო-პარტნიორია, არამედ ბოლო წლებში ლიდერია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისითაც.

“ქვეყნის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს წამყვან სავაჭრო-პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას. აზერბაიჯანი საქართველოსთვის არა მხოლოდ წამყვანი სავაჭრო-პარტნიორია, არამედ ბოლო წლებში ლიდერია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისითაც. კერძოდ, აზერბაიჯანი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მე-3 ადგილზეა 9%-იანი წილით, ასევე 2018 წლის მონაცემებით, უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა 19%-იანი წილით. ასევე ხაზი უნდა გაესვას წარმატებულ თანამშრომლობას ტურიზმის სექტორში. შარშან საქართველოში აზერბაიჯანიდან ვიზიტორების ზრდამ 9 პროცენტი შეადგინა და ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანი აქაც ლიდერია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას აზერბაიჯანში ვიზიტი და შეხვედრები უმაღლეს დონეზე, პირველ რიგში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სწორედ ამ კუთხით არის საინტერესო და ნიშანდობლივი, რადგან აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ამასთან, აზერბაიჯანი არის ჩვენი ღია მხარდამჭერი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების კუთხითაც.
ნიშანდობლივია, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობას, რაც აუცილებელია ქვეყნების შემდგომი განვითარებისა და გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო – ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციისთვის.

ეკონომიკური მდგრადი განვითარებისა და ზრდის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნების ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ამ მიმართულებით უნდა გამოიყოს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს როგორც აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო დროს, ასევე ქვეყნის გავლით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის საწინდარი გახდება.

ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზების მიმართულებით, მნიშვნელოვანი იქნება მიმდინარე წლის 22-23 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც წელს მესამედ ჩატარდება.

და ბოლოს ეკონომიკის მინისტრის ასეთი მაღალი აქტივობა მხოლოდ მისასალმებელია, რაც ადასტურებს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სამთავრობო კურსს, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იქნება სწრაფი და თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები