რა საერთო აქვს უშგულის გამგებელს ილია ჭავჭავაძესთან – “ისტორიას გაფრთხილება, დაფასება და მოვლა-პატრონობა სჭირდება”

თბილისში დაიბადა 1990 წელს, წარმოშობით უშგულიდანაა, თუმცა დედაქალაქში გაიზარდა. განათლებაც აქ მიიღო. თბილისის 51-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. სკოლის პარალელურად, სპორტით იყო დაკავებული, კერძოდ ძიუდოთი. ჰყავს მეუღლე და 1 შვილი, 4 წლის ალექსანდრე.

ალექსანდრე ღვარჩლიანი

ამ სტატიაში ძალიან საინტერესო ადამიანს, უშგულის თემის გამგებელს ბექა ღვაჩლიანს გაგაცნობთ, რომელიც თემის გამგებლად სულ ახლახანს დაინიშნა. ახალგაზრდა გამგებელი, პუბლიცისტის, სასულიერო პირის და “თერგდალეულების” ერთ-ერთი წარმომადგენელის ბესარიონ ნიჟარაძის, პირდაპირი შთამომავალია დედის ხაზით. ილია ჭავჭავაძის დავალებით, სვანეთში წერა-კითხვის გავრცელება, სწორედ ბესარიონ ნიჟარაძის სახელს უკავშირდება.

ბექა ძმასთან, ბეთქილთან ერთად

ბექა ღვაჩლიანი საკმაოდ წარმატებული სპორტსმენი იყო. 2013-2014 წელს მოპოვებული აქვს საქართველოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ ორჯერ, ამავე წლებში, ბაქოს მსოფლიო თასის და 2015-ში ირანის მსოფლიო თასის მფლობელი გახდა. ვარჯიშის პარალელურად, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩააბარა, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ, კერძო სექტორში იურისტის თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 2017-დან 2019 წლის მაისამდე, კომპანია “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის” ქსელის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.

ოჯახის წევრები

 

მისი ჰობი კითხვაა, მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშის და სწავლის პარალელურად, დრო ნაკლებად ჰქონდა, გვიყვება, რომ სულ ცდილობდა მსოფლიო ლიტერატურას გაცნობოდა.
“ვარჯიშამადე დროის მცირე მონაკვეთში, სულ ვცდილობდი წიგნები წამეკითხა. ყოველთვის მინდოდა დამენგრია სტერეოტიპი, იმის შესახებ, რომ სპორტსმენებს ნაკლებად განვითარებული „აიქიუ“ აქვთ, ვფიქრობ ნაწილობრივ გამომივიდა“,– ამბობს ბექა.

კითხვაზე წარმატებულმა სპორტსმენმა და იურისტმა, რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა? გვპასუხობს, რომ თითოეული ადამიანის ვალია არ დაკარგოს საკუთარი იდენტობა და ფესვები.

“ის ფაქტი, რომ უშგულის თემს უნდა ჩავდგომოდი სათავეში, ძალიან დიდი პატივი და საპასუხისმგებლო შემოთავაზება იყო. დავთანხმდი, მხოლოდ იმიტომ, რომ ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია არ დაიკარგოს ის ტრადიცია და ისტორია, რომელიც აქამდე წინაპრებმა სისხლითა და შრომით მოიტანეს ჩვენამდე. უძვირფასეს ისტორიას გაფრთხილება, დაფასება და მოვლა-პატრონობა სჭირდება“,- განმარტავს ის.

უშგულის ახალდანიშნული გამგებლის თქით, ის ყოველდღიურ კომუნიკაციაშია თემის უხუცესებთან და ახალგაზრდებთან და პირადად ისმენს მათ საჭიროებებსა და პრობლემებს.
“წარმოშობით უშგულელი ვარ და კარგად ვიცნობ ჩვენს, მთის ხალხს. მე მათ ნდობა უკვე გამომიცხადეს და ვეცდები ეს იმედები გავუმართლო. ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციაში ვარ, ვისმენ მათ პრობლემებს, თუ რა აწუხებთ. რა თქმა უნდა, ხალხი უყურებს, რაც კეთდება, არ ვართ დაუნახავი ხალხი, მაგრამ იმასაც ვხედავთ, თუ რა არის გასაკეთებელი. აქ პერსპექტივაში ისევ და ისევ არის ტურიზმი, რადგან მოგეხსენებათ, ადგილობრივებისთვის შემოსავლის წყაროს ძირითადად ტურიზმი წარმოადგენს“,- განმარტავს გამგებელი.

თემის გამგებელი, უშგულში მიმდინარე პროექტებს გვაცნობს და იმედოვნებს, რომ განვითარების პროცესი უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება.
“როგორც ხედავთ, მიმდინარეობს სოფელ ჩაჟაში სვანური კოშკების, მაჩუბების რეაბილიტაცია, ფონდი ქართუს მიერ და ფონდს დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენი ხალხის სახელით. სოფელ ჩაჟაშის რეაბილიტაციის შემდგომ, იმედი გვაქვს ეტაპობრივად გაგრძელდება სხვა სოფლებშიც კოშკების რეაბილიტაცია, რადგან ზოგ სოფლებში ნამდვილად სავალალოა მრავალსაუკუნოვანი ისტორიის სიმბოლო – კოშკების მდგომარეობა. მოგეხსენებათ, სოფელ მურყმელში ამ მხრივ ყველაზე სავალალო მდგომარეობაა. თქვენ იცით, რომ 2016 წლიდან ამუშავდა „მთის კანონი“, რომლითაც სარგებლობს თემის მოსახლეობა. ვიმედოვნებთ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად არაერთ პროექტს განვახორციელებთ, რომლებიც ადგილობრივების საჭიროებებზე იქნება მორგებული”– ამბობს გამგებელი.

 

სოფიო კაკაჩია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები