საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მედიაციის შესახებ მესამე მოსმენით დაამტკიცა

“სამოქალაქო დავების ხანგრძლივი და ძვირადღირებული სასამართლო პროცესის გარეშე, ურთიერთშეთანხმებით, სწრაფად და ეფექტიანად მოსაგვარებლად – საქართველოს უკვე აქვს კანონი მედიაციის შესახებ”,-ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საკანონმდებლო ორგანომ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მიიღო, რომელიც დეპუტატებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა.

“მედიაციის წახალისებისა და მისთვის პირობების შექმნისათვის კანონი განსაზღვრავს მედიაციის წარმოების ზოგად პრინციპებს, მისი დაწყების, წარმართვისა და დასრულების წესებს, მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ორგანიზებისა და საქმიანობის წესს, მედიატორის უფლებამოსილებებსა და მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მედიაცია სამოქალაქო დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზაა, რომელიც საშუალებას იძლევა, მოქალაქეებმა სწრაფად და მცირე ფინანსური დანახარჯით აღიდგინონ დარღვეული უფლებები. მისი დანერგვა ხელს უწყობს სასამართლოს განტვირთვას განსახილველი დავებისაგან. სასამართლოების გადატვირთულობა ხშირად ხდება საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზი, რაც საფრთხეს უქმნის სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.

მედიაციის განვითარება ხელს შეუწყობს სწრაფ და ეფექტიან მართლმსაჯულებას, მნიშვნელოვნად განტვირთავს რაიონულ (საქალაქო) თუ სააპელაციო სასამართლოებს და დაზოგავს სახელმწიფოს სახსრებს, რომლებიც საჭიროა როგორც მოსამართლეთა კორპუსის გასაზრდელად, ისე ყოველი სასამართლო პროცესის სრულად ჩასატარებლად.
მედიაცია ბიზნესისთვის, ასევე, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო დავების გადაჭრისთვის არათუ უბრალოდ ალტერნატიული გზაა, არამედ უფრო მეტიც, ეს არის დავის გადაწყვეტის ბუნებრივი და უფრო მოხერხებული მეთოდი. მისი მიზანი ორივე მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებაა მოკლე დროში ნაკლები ფინანსური დანახარჯით. ამავე მიზნით ფართოვდება მედიაციას დაქვემდებარებული დავების ჩამონათვალი და მას ემატება საბანკო დაწესებულებებთან დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავების გარკვეული კატეგორია და სხვა ისეთი სახის დავები, სადაც ყველაზე მეტად ეფექტიანი შეიძლება იყოს მედიაცია.
​მიუხედავად დავების მედიაციის გზით მოგვარების უპირატესობებისა, არსებობს ობიექტური მიზეზები, რაც ხელს უშლის მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას საქართველოში, კერძოდ:

– მედიაციის არაპოპულარობა და მის მიმართ უნდობლობა, რაც შესაძლოა, ამ სფეროს ინსტიტუციონალიზაციის დაბალი დონითაც იყოს განპირობებული; მედიაციის ინტიტუტის შესახებ ცნობადობის დაბალი დონე და ცნობიერების ამაღლების კამპანიის უქონლობა;

– მედიატორთა კადრების ნაკლებობა − სერტიფიცირებული მედიატორების სიმცირე; სერტიფიცირების სტანდარტისა და განგრძობადი განათლების არარსებობა;

– მედიაციის უპირატესობის განმსაზღვრელი საკანონმდებლო გარანტიების არარსებობა (კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა და ინფორმაციის სასამართლოში მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობა; სასურველი შედეგის მიღწევის შესაძლებლობა სასამართლო პროცესთან შედარებით მცირე დროში მცირე დანახარჯებით; სარჩელის აღძვრამდე სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა და სხვ.);

– მედიატორთა ეთიკის სტანდარტის არარსებობა; მედიატორთა პასუხისმგებლობის სტანდარტისა და სანქციების გამართული სისტემის არარსებობა.
​მედიაციის შესახებ ახალი კანონი სწორედ ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად შემუშავდა. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები

– აფუძნებს მედიატორთა თვითრეგულირების ორგანოს და ქმნის მედიაციის განვითარებისათვის მყარ ინსტიტუციურ საფუძველს;

– სამართლებრივ საფუძველს შეუქმნის მედიატორის პროფესიის განვითარებას და მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული საშუალების, თვითდამკვიდრებას;

– დაადგენს სავალდებულო მოთხოვნებს მედიატორობის კანდიდატის მიმართ;

– განსაზღვრავს მედიაციის პროცედურებს (პროცესის დაწყება, მედიატორის შერჩევა, ინტერესთა კონფლიქტი და მედიატორის აცილების საკითხი, სამედიაციო მორიგების აღსრულება და სხვ.);

– განსაზღვრავს მედიატორთა მიერ ეთიკის დაცვის ვალდებულებას და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზოგად პრინციპებს.

– ცვლილებათა პაკეტი მომზადდა „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსშიც“. მისი მიზანი სასამართლოში მიმდინარე დავებში მორიგებით საქმეთა დასრულების პრაქტიკის წახალისება და განვითარებაა. შემოთავაზებული ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, თუკი მხარეები უარს ამბობენ მედიაციაზე და საქმის სასამართლო გადაწყვეტაზე აკეთებენ არჩევანს, მოსამართლეს შეუძლია, გამოარკვიოს მედიაციაზე უარის თქმის მიზეზები და განუმარტოს მათ მედიაციის დადებითი ასპექტები, უპირატესობები, მედიაციის წარმატებით დასრულების სამართლებრივი შედეგები და მისი აღსრულების მექანიზმები.

– გაფართოვდება მედიაციას დაქვემდებარებული დავების ჩამონათვალი და მას დაემატება, სხვებს შორის, შრომითსამართლებრივი დავები; საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანოებისა და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების მიერ დადებული სესხის, მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული სესხის, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები, ასევე, ქონებრივი დავები განსაზღვრული ღირებულების ფარგლებში და რამდენიმე სხვა.

საკანონმდებლო ცვლილებებზე იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირის პროექტისა (EU4justice) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, „USAID/PROLOG“-ისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების („GIZ“) ჩართულობით და ფინანსური მხარდაჭერით იმუშავა. ცვლილებათა პაკეტი კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო უწყებებს, ქვეყანაში მოქმედ მედიატორთა ასოციაციებს, ამ სფეროში მომუშავე სხვა ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის მიღწეული ფართო კონსენსუსის შედეგია”,-ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები