ბაჩო ოდიშარია -POSTV: იმისათვის, რომ გქონდეს ხალხის შველაზე პრეტენზია, მინიმუმ შენი ცხოვრების განმავლობაში, ხალხის სამსახურში უნდა იდგე და არ აღარიბებდე მათ სხვადასხვა საშუალებით (ვიდეო)

ინტერნეტტელევიზია POSTV-ის ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია საავტორო ვიდეობლოგში, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს” წარდგენაზე საუბრობს.
მისი თქმით, იმისათვის, რომ გქონდეს ხალხის შველაზე პრეტენზია, მინიმუმ, შენი ცხოვრების განმავლობაში, ხალხის სამსახურში უნდა იდგე და არ აღარიბებდე მათ სხვადასხვა საშუალებით.
„ქართული საზოგადოება შეესწრო შემოდგომის სეზონის მთავარ პოლიტიკურ კურიოზს, ასპარეზზე გამოჩნდა ახალი მოძრაობა, რომელიც სულ მალე გარდაიქმნება პარტიად, სახელწოდებით „ლელო“. მისმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პრეზენტაცია ანაკლიის პლაჟზე, ლურჯი ზღვის და ყვითელი დაფის ფონზე გამართა. პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, ისაა, რომ კრეატიულმა კომპანიამ, რომელმაც დაუგეგმა ეს ღონისძიება, ან დატროლა ან ნუ, უბრალოდ, მართლა ეს ჩათვალეს სწორ საიმიჯო პოზიციონირებად. ვიზუალური დათვალიერებით, ვხედავთ სააკაშვილის კალკს – ისევ ანაკლია, ტალღების ფონზე წარმოთქმული ლექსები, ქარიზმის სრული დეფიციტით, საუბარი მესიანიზმის დასრულებაზე და ამავდროულად, საქართველოს გადამრჩენელი თორმეტი მოწაფის აყვანის განაცხადი, საკუთარ სათქმელსა და წარმოებულ სიმბოლიზმში სრული აღრევა და ვაკხანალია. იდეალური კომედიური სცენარია, ავთო ვარსიმაშვილმა რომ უნდა გადაიღოს, ისეთი. პარტიის შექმნისა და ქვეყნის ყველაზე ცნობილი ბანკირის პოლიტიკაში მოსვლის მიზეზად სახელდება დიადი მისია – საქართველოს გადარჩენა. როგორც ჩანს, საქართველო არ საჭიროებდა გადარჩენას შევარდნაძის პერიოდში, საქართველო არ ყოფილა გადარჩენის ღირსი სააკაშვილის მმართველობის დროს, როდესაც ბიზნესი სრულად იყო შეზრდილი სახელმწიფოში, მიმდინარეობდა მუდმივი რეკეტი და ფულის გამოძალვა, ვიწროვდებოდა არა მხოლოდ მსხვილი, არამედ მცირე ბიზნესიც. სხვა დანარჩენ სიკეთეებს აღარ ჩამოვთვლი, რადგან წესით, რეპრესიის ეს ხაზი უნდა მიეღო ყველაზე მტკივნეულად ბატონ მამუკას, როგორც მისი საქმიანობის სფეროზე განხორციელებული სახელმწიფო კრიმინალის ფაქტები, თუ თავად რაიმე პრივილეგირებულ პოზიციაში არ იმყოფებოდა, სწორედ აქ იყო იდეალური მომენტი, რომ ქვეყნის გადარჩენისათვის ბრძოლაში ლელობურთით გაჭრილიყო ველად, თუმცა ასე არ მოხდა“,- ამბობს ბაჩო ოდიშარია.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა, მამუკა ხაზარაძის ხალხისთვის და ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლა იქიდან დაწყებულიყო, რომ ეფექტური 49-პროცენტიანი სესხები საზოგადოების დაბალ ფენაზე გათვლილი საპროცენტო განაკვეთით შეცვლილიყო.
„შემდეგ მოვიდა “ქართული ოცნება”, გამოიცვალა ერთი პრემიერი, მეორე, მესამე. მესამე, ანუ კვირიკაშვილი, აღმოჩნდა ახლო მეგობარი, რომელიც როგორც ჩანს, საკმაოდ კომფორტული პრემიერი იყო მისთვის, რადგან მისი მმართველობის წლებში რატომღაც ჯერ კიდევ ვერ ამჩნევდა ჰორიზონტზე ქვეყნის დაღუპვის პერსპექტივებს. თუმცა მხსნელის როლში შესვლა გადაწყდა მას შემდეგ, რაც კონკრეტულად მის წინააღმდეგ აღიძრა საქმე, ფულის გათეთრების თაობაზე და შეექმნა პირადი დისკომფორტი. ყველა ლოგიკური ტრანზაქციის მიხედვით, გამოდის, რომ მხსნელად ბატონი მამუკა ცდილობს საკუთარ თავს მოევლინოს, მიიღოს სადეპუტატო იმუნიტეტი და თუ მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში გამოძიება მას გაამტყუნებს, პოლიტიკური დევნილის იდენტობა მოირგოს, ანუ გამოდის, დღემდე, უახლესი ისტორიის მანძილზე, აქამდე არც ერთ პერიოდში, ხალხი არ საჭიროებდა შველას, ეს საჭიროება გაჩნდა მხოლოდ მაშინ, როდესაც “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების შესაძლო კანონდარღვევებით საგამოძიებო სტრუქტურები დაინტერესდნენ.
საჭიროა, აქვე აღინიშნოს ერთი დეტალი – იმისათვის, რომ გქონდეს ხალხის შველაზე პრეტენზია, მინიმუმ, შენი ცხოვრების განმავლობაში, ხალხის სამსახურში უნდა იდგე და არ აღარიბებდე მათ სხვადასხვა საშუალებით, მაგალითად, კრედიტებზე უდიდესი პროცენტული ნამატით, რომლის მსგავსიც ევროპაში არ მოიძებნება, თუ ბანკის საქმიანობით, რომელიც მრავალ არაპროფილურ აქტივობას ეწევა, როდესაც წესითა და რიგით, ამის უფლება არ უნდა ჰქონდეს.
ამ ყველაფრის პარალელურად, მოძრაობის დაარსების პირველივე დღეს, მესიჯბოქსები სრულად არეული აქვთ პარტიის წარმომადგენლებს, იქით ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ხალხის დაყოფა ბნელებად და არაბნელებად არ შეიძლება და დიალოგის რეჟიმზე უნდა ვიყოთ ყველასთანო, აქეთ – “ლელოს” წევრი, ვინმე ხათუნა დოლენჯაშვილი ამბობს, რომ ნათელი და თავისუფალი ადამიანები, ინტელექტუალური ელიტა ვიკრიბებით და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ წიგნის დაწერა კვლავ შევძლოთო, არადა, თავად მოძრაობის ლიდერი ამბობს, რეგიონებში გავალთ და იქიდან ავიყვანთ ხალხსო. ანუ, სპიკერებად გვევლინებიან თვითგამოცხადებული ინტელექტუალური ელიტა და ენჯეოშნიკები და ამავდროულად, მათთან ერთად, წამყვან პოზიციებზე, უნდა დავიჯეროთ, რომ ვიხილავთ სოფლებში შერჩეულ რიგითი ხალხს.
ცნობისთვის, ელიტიზმი და დაბალი ფენა ერთმანეთში თავსებადი მოცემულობები არაა, რადგან მუდმივი ისტორიული და სოციალური ანტაგონიზმი არსებობს ამ ორ სტრატას შორის. ისე, კარგი იქნებოდა, ხალხისთვის და ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლა, პირველ რიგში, იქიდან დაწყებულიყო, რომ ეფექტური 49-პროცენტიანი სესხები საზოგადოების დაბალ ფენაზე გათვლილი საპროცენტო განაკვეთით შეცვლილიყო, რომელიც არა მათ გაღარიბებას და ბანკის კაპიტალის უსაშველო ზრდას, არამედ დაბალი ფენის მოძლიერებას და ბანკისთვის შედარებით ნაკლებ გიგანტურ მოგებას მოიტანდა.
მოკლედ, არ მეგონა, უახლოეს პერიოდში “გირჩზე” მეტად კომიკური პოლიტიკური ჯგუფის ხილვას თუ მოვახერხებდით, მაგრამ, როგორც ჩანს, კრეატიული კლასის ფანტაზიის რეგრესიას საზღვრები არ აქვს“,- აცხადებს ბაჩო ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები