“თი ბი სიმ” სექტემბრის მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

“მას შემდეგ რაც საგარეო სექტორი ძლიერი იყო და სებ-ი რეკორდულად მაღალი ოდენობის სავალუტო რეზერვებს ყიდულობდა, რუსეთიდან ფრენების აკრძალვამ და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესუსტებამ საგარეო სექტორის დინამიკაზე ნეგატიურად იმოქმედა”,-ამის შესახებ ინფორმაციას “თი ბი სი ბანკი” ავრცელებს. თუმცა მათივე განმარტებით, საგარეო ბალანსი მაინც ზომიერად ძლიერი რჩება.
“საკუთრივ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება იმავე პერიოდში სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებამ სრულად გადაფარა. ისევე, როგორც ივლისის ტურიზმის კლებაზე გაცილებით მეტი იყო ამავე თვეში სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება. ამასთან, აგვიტოს ტურიზმის დინამიკა მნიშვნელოვანად უკეთესი იყო.
წინა ყოველთვიური მიმოხილვის შემდეგ, აშშ დოლარი მსოფლიოს ძირითად ვალუტებთან მიმართებაში მცირედით გამყარდა და თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. თუმცა, დოლარის გამყარება ლარის სადღეისოდ არსებული სისუსტის მხოლოდ მცირე ნაწილის ამხსნელი ფაქტორია. ლარის ეფექტური გაცვლითი კურსის ინფლაციაზე ზეწოლის გათვალისწინებით, სებ-მა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. კერძოდ, რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გარდა, ასევე გაცხადდა, რომ ინფლაციის მოთოკვისათვის სხვა ნაბიჯებიც იქნება გადადგმული. თიბისი კვლევების შეფასებით, თუ ლარის ეფექტური კურსი არ გამყარდა, წლის ბოლომდე ინფლაცია დაახლოებით 7%-ით განისაზღვრება.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, განსაკუთრებით საპროცენტო განაკვეთების შემდგომი აწევისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენების შემთხვევაში, შიდა მოთხოვნაზე და ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად იმოქმედებს. ამასთან, თიბისი კვლევების შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ამას სასურველი შედეგი – ლარის ეფექტური და ასევე აშშ დოლარის მიმართ გაცვლითი კურსის გამყარება მოჰყვა, ჯამურად ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითი ეფექტი მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს. ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მართალია პოლიტიკის გამკაცრება შიდა მოთხოვნაზე უარყოფითად იმოქმედებს, თუმცა ლარის აშშ დოლარის მიმართ გამყარებას საპირისპირო ეფექტი ექნება, რაც ბიზნესისა და სამომხმარებლო განწყობების რამდენადმე მაინც გაუმჯობესების შედეგი იქნება.
ივლისის ეკონომიკის ზრდას რაც შეეხება, ნეგატიური მოვლენების განვითარების ფონზე ზრდა საკმაოდ მაღალი იყო. ამასთან, როგორც ჩანს გარკვეული როლი დაბალმა საბაზო ეფექტმა შეასრულა. ასევე, ეკონომიკის ზრდის წინმსწრები ინდიკატორები დინამიკის გარკვეულ გაუარესებაზე მიუთითებს. თუმცა, თიბისი კვლევების შეფასებით, 2019 წლის ზრდა მაინც 4%-ზე მაღალი იქნება.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსალოდნელზე მეტად შემცირების მიუხედავად, მისი მშპ-თან მაჩვენებელი საერთაშორისო მასშტაბით მაინც მაღალ დონეზეა. სექტორულ ჭრილში, სავარაუდოა უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების შემცირების დინამიკის ცვლილება. ამ ვარაუდის გაკეთების საშუალებას საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის ძლიერი ფუნდამენტური ფაქტორები იძლევა. ამასთან, დროით განზომილებაში პროგნოზის გაკეთება რთულია. მართალია ნებართვების გაცემის დინამიკა გაუმჯობესდა, თუმცა იპოთეკური დაკრედიტების მაჩვენებლები შედარებით სუსტია. განსხვავებით საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორისა, მაღალპროცენტიანი სესხების გამცემ არასაბანკო საფინანსო სექტორში ინვესტიციების შემცირების დინამიკის ცვლილება მოსალოდნელი არ არის. აღნიშნული სექტორის კლება თიბისი კვლევების მიხედვით პოზიტიურადაა შეფასებული. ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაში სამხრეთ კავკასიის მილსადენის პროექტის დასრულებამაც მნიშვნელოვანი ნეგატიური როლი შეასრულა. ამასთან, ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტისა და მსხვილი ენერგეტიკული პროექტების უფრო აქტიურ ფაზაში შესვლის შედეგად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
მონეტარული პოლიტიკის არსებული და შემდგომი გამკაცრების გათვალისწინებით, მოსალოდნელია ლარიზაციის ტემპის შემცირება. თუმცა, ლარიზაცია კვლავ პრიორიტეტად დარჩება, სავარაუდოდ ვალდებულებების ლარიზაციაზე უფრო მეტი აქცენტით. ასევე, გაზრდილია უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ჩარჩოს შერბილების ალბათობა. თიბისი კვლევების შეფასებით, გრძელვადიანი სესხების შემთხვევაში, მულტისავალუტო დაკრედიტება ლარში, ევროსა და დოლარში, შესაძლებლობებისა და რისკების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე უფრო დაბალანსებული გადაწყვეტილებაა. აღნიშნული ასევე შესაძლებელია გაცვლითი კურსის ცვლილებისას ვადიანობის ავტომატური შესწორებით, იმ მიზნით, რომ ვალის მომსახურების კოეფიციენტი იმავე დონეზე შენარჩუნდეს. ეს ზედმეტად გაუფასურებული ლარის გამყარებაშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
იხილეთ უფრო მეტი თიბისი კვლევების მორიგ ყოველთვიურ მიმოხილვაში ბმულზე https://www.tbcresearch.ge/en/Research/monthly-september-19
თუ გსურთ თიბისის მაკროეკონომიკური და სექტორული, თიბისი კაპიტალის კვლევების მიღება, მიუთითეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი „subscribe” უჯრაში საიტზე www.tbcresearch.ge”-ნათქვამია “თი ბი სი ბანკის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები