ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი აშენდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციის შენობის მშენებლობა იწყება.
პროექტს დაცული ტერიტორიების სააგენტო “დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში – საქართველო” – SPPA პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა შატილში აშენდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით. ამასთან, სამუშაოები GFA Consulting Group-ის მხარდაჭერით წარიმართება.
ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები სამი სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას მოიცავს, ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკს, ასას აღკვეთილსა და როშკის ბუნების ძეგლს. ტერიტორიის საერთო ფართობი 79 908 ჰა-ია. მისი შექმნის მთავარ მიზანს აღმოსავლეთ კავკასიონის ცენტრალური ნაწილის ორგანული სამყაროს დაცვა, აღდგენა და შენარჩუნება წარმოდგენს.
ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები გამორჩეულია საქართველოში თავისი უნიკალური ლანდშაფტებისა და საერთაშორისო ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, რომელიც მოიცავს საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ, იშვიათ და ენდემურ ფლორისა და ფაუნის სახეობებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები