რა გეგმები აქვს საქართველოს აფროსნობის ფედერაციას და როგორია მისი ისტორია  – ინტერვიუ დევი ქიტუაშვილთან

აფროსნობის ეროვნული ფედერაცია საქართველოში 1960-იან წლებში დაარსდა, თუმცა, უკვე 90-იან წლებში, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, სახელწოდება შეიცვალა და საქართველოს აფროსნობის ფედერაცია ეწოდა. სამწუხაროდ, სამოქალაქო ომისა და ქვეყნის მასშტაბით განვითარებული მოვლენების გამო, აფროსნობის ფედერაციამ ყველანაირი აღჭურვილობა დაკარგა და მოქმედება შეწყვიტა.

2010-2011 წლიდან საქართველოს აფროსნობის ეროვნულმა ფედერაციამ ძალები აღიდგინა და საქმიანობა განაახლა. ფედერაციამ 2018 წელს სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი დაფინანსება მიიღო, რამაც, თავის მხრივ, კერძო სექტორის ჩართულობაც გაზარდა და, შედეგად, საქართველოს აფროსნობის ეროვნულ ფედერაციას კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ საჩუქრად სრული აღჭურვილობის მქონე 20 ნავი გადაეცა.

აფროსნობის ფედერაციის ისტორიაზე, ზოგადად აფროსნობის სპორტზე, სპორტსმენების მომზადებაზე, მწვრთნელების საქმიანობასა და ფედერაციის სამომავლო გეგმებზე, მედიაჰოლდინგი „კვირა“ აფროსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს დევი ქიტუაშვილს ესაუბრა.

დევი ქიტუაშვილი გამოცდილი აფროსანია, რომელიც უშუალოდ ფედერაციის საქმიანობაში 2011 წელს ჩაერთო. თავდაპირველად გამგეობაში მოღვაწეობდა, შემდგომ იყო ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, 2017 წელს კი აფროსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნა.

დევი ქიტუაშვილი: აფროსნობის ფედერაციას იძულებითმა პაუზამ ძალიან დიდი დაღი დაასვა. მართალია, პაუზის პერიოდში, 2000-იან წლებში ფოთის კლუბი ძალიან წარმატებული იყო, მაგრამ იქაც შესუსტდა. 2010 წელს, ფედერაციის აღდგენის შემდეგ, გვქონდა მცირედი დაფინანსებები და ფედერაცია სხვადასხვა სახის ღონისძიებებსაც აწყობდა, მაგრამ აღჭურვილობის არქონა ძალიან უკან გვწევდა.

გასულ წელს, სახელმწიფოს მხრიდან პირველი ნაბიჯები გადაიდგა და სპორტის სამინისტრომ აფროსნობის ფედერაციას დაფინანსება გამოუყო. რეალურად, ამ დაფინანსებამ კერძო სექტორის წახალისებაც გამოიწვია და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ ფედერაციისთვის 20 „ოპტიმისტის“ სრული აღჭურვილობით შეძენა უზრუნველყო.

ეს არის აბსოლუტურად გამართული 20 ნავი, თავისი აზომვის სერტიფიკატებით, არა მხოლოდ ნავები, არამედ ექსპლუტაციისთვის საჭირო დამატებითი ნაწილები, კატერის ძრავი და ა.შ.

ისეთი ნავებია, რომლებიც ფედერაციას არასდროს ჰყოლია. ჩავანაცვლეთ ნავები, რომლებზეც ბავშვობაში მე და ჩემზე უფროსმა ადამიანებმა აფროსნობა ვისწავლეთ. დაახლოებით 50 წლის ნავები ჩანაცვლდა. ეს ისეთი რაოდენობაა, რომ თბილისში დამწყები აფროსნები, შემდეგი 10-15 წლის განმავლობაში უზრუნველყოფილნი იქნებიან. მოკლედ, ის, რაც თბილისის მოწინავე კლუბს სჭირდებოდა – საწყისი ეტაპისთვის ყველაფერი გვაქვს.

ფედერაციის საქმიანობაზე რომ ვისაუბროთ, რა ეტაპზე ხართ ახლა და რას გეგმავთ სამომავლოდ…

ამჟამად ჩვენი ოფისი „ფაბრიკაში“ მდებარეობს, აქედან ვსაქმიანობთ, ვიკრიბებით გამგეობის წევრებთან ერთად და გადაწყვეტილებებს ვიღებთ. ასევე, რადგან ფედერაცია დედაქალაქშია, ხშირად ვსტუმრობთ „თბილისის საიალქნო კლუბს“, რომელიც ფედერაციის წევრია. ჩვენი წევრია ასევე იახტ-კლუბი „აფრა“ და რამდენიმე სხვა ორგანიზაცია, ასოციაციები და ინდივიდუალური წევრები.

უშუალოდ სპორტსმენების გაწვრთნა და რეგულარული ვარჯიშები „თბილისის საიალქნო კლუბში“ მიმდინარეობს. სხვადასხვა ღონისძიების მასპინძელიც აღნიშნული კლუბია. რეალურად, დამოუკიდებელი კლუბები – ეს ისაა, რაზეც დღეს ფედერაცია დგას. იმედი მაქვს, რომ კლუბების რაოდენობა მომავალში უფრო გაიზრდება და ფედერაციაც უფრო მასშტაბური ხელმძღვანელობით იქნება დაკავებული.

ამჟამად კლუბში 12 ბავშვი ვარჯიშობს და ვიმედოვნებ, რომ ახალი აღჭურვილობის პირობებში ეს რიცხვი ძალიან სწრაფად გაიზრდება. ასევე, ფედერაციამ გააკეთა სილაბუსი, რომლის მიხედვით 3 კურსი განისაზღვრა: დამწყები, საშუალო დონის და მცოდნე. ზოგს შესაძლოა, არ უნდოდეს, რომ აფროსანი იყოს, მაგრამ უნდოდეს, რომ აფრიანი ნავის მართვა ისწავლოს.

ასევე, დავგეგმეთ ინგლისურენოვანი კურსები, ჩვენს ერთ-ერთ კლუბს ფრანგი ინსტრუქტორი ჰყავს, რომელიც თბილისში მცხოვრები უცხოელებისთვის შესაბამის კურსს გახსნის, ასევე, მეტი ინფორმაციულობის მიზნით, ქართულენოვანი კურსების ჩატარებაც იგეგმება.

რომელი წლიდან არის სასურველი, რომ ბავშვი წყლის სპორტის ამ სახეობით დაკავდეს?

როგორც სტანდარტი, აფროსნები წვრთნას 8 წლიდან იწყებენ. გვყოლია 6 წლის სპორტსმენებიც, მაგრამ 8 წელი არის ყველაზე კარგი ასაკი, როდესაც შეიძლება, რომ ბავშვმა აფროსნობა დაიწყოს.

ამჟამად, ორი ალტერნატივა გვაქვს – თუ ბავშვი თბილისში ან ფოთში ცხოვრობს, უკვე შეგვიძლია შევთავაზოთ კონკრეტული კლუბები, რომლებიც ამ საქმიანობით არის დაკავებული. დედაქალაქში ასეთია თემქის სანაპიროს სიახლოვეს მდებარე „თბილისის საიალქნო კლუბი“  და ფოთში – მალთაყვის საწყალოსნო ბაზაზე არსებული კლუბი.

როგორია აფროსნობაში წვრთნის მეთოდიკა და სამწვრთნელო განრიგი?

ძირითადად, ვარჯიშები შაბათ-კვირას მიმდინარეობს, შუა კვირაში ერთი დღე თეორიულ ან პრაქტიკულ ნაწილს ეთმობა. ზაფხულის განმავლობაში წვრთნები, ძირითადად, ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება, არც ზამთრის პერიოდია ხელისშემშლელი, თუმცა, არის დღეები, როცა ზღვაში გასვლა სასურველი არ არის. გასულ ზამთარს მხოლოდ ფიზმომზადებაზე ვიყავით გადასულები, ახლა უკვე ახალი აღჭურვილობა გვაქვს და გვინდა, რომ ზღვაში უფრო მეტი დრო გავატაროთ.

ასევე, აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ბავშვმა 10 მეტრის დამოუკიდებლად, 25 მეტრის კი ჟილეტით გაცურვა შეძლოს. თუმცა, ბავშვებს ჟილეტი მუდმივად აცვიათ და ეს 10 და 25 მეტრი არის იმისთვის, რომ თუ ბავშვი წყალში ჩავარდა, მინიმალური უნარი ჰქონდეს, რომ ნავი გაასწოროს ან ელემენტარულად არ დაიბნეს და არ შეეშინდეს. აფროსნობა ცურვაზე არ არის მიბმული, თუმცა, წყლის სპორტია და, ბუნებრივია, თუ წყალი არ გიყვარს, აფროსნობაც ვერ გეყვარება.

რაც შეეხება უშუალოდ მეთოდიკას, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი. თავიდან უიალქნო ნავით ვიწყებთ, მხოლოდ საჭე აქვს, ანუ ამით ბავშვი წყალზე ყოფნას სწავლობს. შეგუების პროცესს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ასევე, ვასწავლით, რომ ყველა ნავს აქვს ბაგირი, რომელიც საბუქსირედ გამოდგება, საჭიროების შემთხვევაში ყველა აფროსანმა ბავშვმა უნდა იცოდეს, საიდან უნდა ამოიღოს ეს ბაგირი, რომ მწვრთნელს გადაუგდოს. შემდგომ სწავლობენ ნავების ერთმანეთზე გადაბმას, გზაში საჭის მართვას, ასევე, სათითაოდ, ქარისა და ტალღების მეშვეობით, უიალქნოდ ზღვაში გასვლას.  მწვრთნელებს ორი კატარღა ჰყავთ, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ტრენერმა ზღვაში ერთდროულად 50 ნავიც კი გაიყვანოს.

მინდა ჩვენი მწვრთნელების შესახებ ისიც ვთქვა, ისინი თავადვე გადიან წვრთნებს რეგულარულად. საქართველოს აფროსნობის ფედერაცია საერთაშორისო აფროსნობის ფედერაციის წევრია. შარშან მათი წვრთნებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი მწვრთნელი გვესტუმრა, რომელმაც ჩვენს მწვრთნელებს კურსის პირველი ეტაპი ჩაუტარა. ჩვენი გამოცდილების მიუხედავად, ამ ვიზიტმა ბევრი საინტერესო რამ გვასწავლა და ფედერაციისთვის მათი მიდგომები ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

და ბოლოს, როგორც ვიცი, საქართველოს აფროსნობის ფედერაცია სექტემბერში სომხეთიდან აფროსნებს ელოდება…

დიახ, საქართველოში, 20-22 სექტემბერს, აფროსნობაში ჩემპიონატი გაიმართება. უკვე მესამე წელია, რაც ეს ჩემპიონატი იმართება და ჩვენც რეგულარულად ჩავდივართ სომხეთში, როგორც ისინი ჩამოდიან. წელს უკვე ახალი აღჭურვილობით ვხვდებით. აქამდე თავისი ჩამოჰქონდათ, ახლა უკვე კარგი მასპინძლები ვიქნებით და, როგორც წესი, ნავებს ჩვენ დავახვედრებთ. მსაჯთა კოლეგიაში 5 ადამიანი იქნება, ზოგადად, ტურნირის წესდებას მასპინძელი ქვეყანა ადგენს. რბოლა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ბოლო დღეს კი  დაჯილდოება გაიმართება.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები