თბილისის საიალქნო კლუბის სპორტსმენმა სომხეთის ტურნირში საპრიზო ადგილი დაიკავა (ფოტოკოლაჟი)

სომხეთში, სევანის ტბაზე „ლაზერისა“ და „ოპტიმისტის“ საერთაშორისო კლასის იალქნიან ნავებში, „ღია საერთაშორისო პირველობა აფროსნობაში“ ტურნირი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობდენ სპორტსმენები საქართველოდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან და თავად სომხეთიდან.

შეჯიბრი ორი იალქნიანი ნავის კლასში მიმდინარეობდა: „ოპტიმისტი“ და „ლაზერი“. „ოპტიმისტების“ ნაწილი ორ ფლოტად დაიყო: ოქრო და ვერცხლი, ხოლო „ლაზერის“ კლასში სულ ერთი ფლოტი იყო წარმოდგენილი.

ვერცხლის ფლოტში მე-3 საპრიზო ადგილი ქართველმა სპორტსმენმა თემუკა სვანიძემ დაიკავა. ყველაზე პატარა მონაწილის პრიზი კი ალექსი ქიტუაშვილს ერგო. გამარჯვებულებს მედლები, სიგელები, პატარა ნავის მაკეტები, ჩანთები და სხვა საჩუქრები გადაეცათ.

ტურნირში მონაწილეების ასაკი 9-დან 15 წლამდე მერყეობდა. სპორტსმენები ტურნირზე მწვრთნელების კახი და ტატო გრიგოლიების უშუალო ხელმძღვანელობით წარდგნენ.

„ტურნირში პირველ რიგში მონაწილეების სიმრავლეა მნიშვნელოვანი, შემდგომ კი განსხვავებული მეტეოროლოგიური პირობები, რაც ყველგან თავისებურია და დაკვირვებას საჭიროებს, ასევე, განსხვავებული ტაქტიკა და წვრთნის მეთოდოლოგია. კიდევ ალბათ ბევრი რამ, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ მთავარი გამოცდილებაა, რომელიც ჩვენმა სპორტსმენებმა სომხეთში მიიღეს. ვიმედოვნებ, ჩვენი სპორტსმენები მომავალში კიდევ ბევრ საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას“,- განაცხადა აფროსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დევი ქიტუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი 24 აგვისტოს დაიწყო და 30 აგვისტოს დასრულდა. შეჯიბრის გახსნას აფროსნობის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ჯუმბერ ცომაია, რბოლების ბოლო ორ დღესა და დაჯილდოების ცერემონიალს კი მოქმედი პრეზიდენტი დევი ქიტუაშვილი დაესწრო. ასევე, ტურნირის დახურვაზე სომხეთს ეწვივნენ ფედერაციის სხვა წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს აფროსნობის ფედერაციამ ტურნირზე ქართველი აფროსნების გამგზავრება და მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით უზრუნველყო.

ცნობისთვის, 20-22 სექტემბერს, თბილისის საიალქნო კლუბი ღია ტურნირზე სომეხ აფროსნებს უმასპინძლებს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები