ლომია: საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ საგამოძიებო სტრუქტურამ მოითხოვოს, პარლამენტმა კვიციანს უფლებამოსილება შეუჩეროს

ვფიქრობ, იმაზე საუბარი ზედმეტია, რომ საგამოძიებო სტრუქტურამ მოითხოვოს პარლამენტიდან, ემზარ კვიციანს უფლებამოსილება შეუჩერონ, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ლომიამ განაცხადა.
გიორგი ლომია ემზარ კვიციანთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა.
„ვფიქრობ, იმაზე საუბარი ზედმეტია, რომ საგამოძიებო სტრუქტურამ მოითხოვოს პარლამენტიდან, ემზარ კვიციანს უფლებამოსილება შეუჩერონ. ეს სასაცილოა. ამ ინციდენტის გამო, მაქსიმუმ რაც შეიძლება დაეკისროს მას, ეს არის ადმინისტრაციული ჯარიმა. არც ადმინისტრაციული ჯარიმა უნდა დაესკისროს, ჩემი აზრით.
პირიქით, პოლიციამ ამ შემთხვევაში იმოქმედა, სამწუხაროდ, ძალიან არაობიექტურად. იმიტომ, რომ როდესაც გაჰყავდათ ემზარ კვიციანი, სხვა პოლიციელები არ ცდილობდნენ, რომ გზა მოეჭრათ იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მისდევდნენ კვიციანს. ჩვენს ქვეყანაში ადამიანის დევნა ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია. აქედან გამომდინარე, როდესაც შენ მისდევ ადამიანს და მერე შედეგად რაღაცას იღებ მისი მხრიდან, არ უნდა გაგიკვირდეს. მით უმეტეს, დეპუტატს როდესაც მისდევ. ერთია, როცა აპროტესტებ მის მოღვაწეობას, იდეოლოგიას, მაგრამ არ გაქვს უფლება მისდიო დეპუტატს და უსტვინო ყურში, არ უნდა აყენებდე შეურაცხყოფას. თმენის ვალდებულება მე როგორც პარლამენტის წევრს არ მავალდებულებს, მოვითმინო მოქალაქისგან ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა. მე თმენის ვალდებულება მავალდებულებს, მოვითმინო კრიტიკა, რომელიც უკავშირდება ჩემს საქმიანობას, იდეოლოგიას.
ადამიანმა წრე დაარტყა , წინიდან დაუდგა მოძრავ კვიციანს, რომელიც პატრულის თანამშრომლებს მიჰყავდათ. დაუდგა წინ, მერე წაიქცა , იმიტომ, რომ მხარს დაეჯახა , ატყდა ერთი ამბავი, რომ ემზარ კვიციანმა ლამის ხელი დაარტყა და ა.შ. მერე ისეთი მწარე გინება უთხრა კვიციანს, რომ იმან უბრალოდ ხელი წაავლო . კურდღელივით კი გაიქცა ის, მაგრამ ჩაეთხვალა, თითქოს თავდასხმა იყო კვიციანის მხრიდან.
არ შეიძლება დედის გინება და სიტყვის თავისუფლება ერთსა და იმავე ჩარჩოში ჯდებოდეს“- განაცხადა ლომიამ.
ცნობისთვის, შსს-მ ემზარ კვიციანის ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში პარლამენტის შენობის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ინციდენტი პარლამენტის შენობის წინ მოხდა , სადაც მთავრობის დამტკიცების პროცედურის პარალელურად “სირცხვილიას” აქცია მიმდინარეობდა.
აქციის მონაწილეები კვიციანს “პუტინის მონას” ეძახდნენ. კვიციანმა აქციის მონაწილეებს აგინა და ფიზიკურადაც შეეხო. დეპუტატი ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები