რატი იონათამიშვილი: მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მერს, რომლის არჩევის დღიდან ჩვენს ქალაქში არაერთი უპრეცედენტო პროექტი განხორციელდა

პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი თბილისის მერიასა და m2-ს შორის მემორანდუმის გაფორმებას აფასებს.
​მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, მერიის თბილისელებზე ზრუნვაა და მეორე მხრივ, მაღალი კორპორატიული პასუხისმგებლობის მაგალითი კერძო კომპანიის მხრიდან.
„მინდა პოზიტიურად შევაფასო ქალაქ თბილისის მერის კახა კალაძის ბრიფინგი, რომლის თანახმადაც ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას” შირის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც მშენებლობების დასრულების მიზნით, m2 კომპანია „სვეტის” თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს, შედეგად კი 2500 ოჯახი თავის კუთვნილ საცხოვრებელ ფართს მიიღებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტი კერძო სექტორთან თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითებს დებდეს, რადგან ასეთ დროს მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილება, შედეგი კი პირდაპირ აისახება მოქალაქეების კეთილდღეობასა და სტაბილურობაზე. ასევე, მისასალმებელია, რომ თბილისის მერის თქმით, დაზარალებული მენაშენეების მიმართ არსებული პრობლემების გადასაჭრელად მუშაობა ამით არ სრულდება და უახლოეს მომავალში თბილისელებზე ორიენტირებულ სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც უნდა ველოდოთ. ჩემი მხრივ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მსგავსი საკითხების მოგვარებაში იყო და იქნება ჩართული, პირველ რიგში კი თბილისის მერს, რომლის არჩევის დღიდან ჩვენს ქალაქში არაერთი უპრეცედენტო პროექტი განხორციელდა”, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები