ივანე მაჭავარიანი: მალე მეწარმეები დამატებითი საგადასახადო და საბაჟო პროცედურული ბარიერების გარეშე განახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ევროკავშირის ქვეყნებში
ეკონომიკური პროფილის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც ითვალისწინებს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ასევე საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
როგორც მან აღნიშნა, 1-ლი სექტემბრიდან უკვე ძალაშია ახალი საბაჟო კოდექსი, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა საბაჟო პროცედურები. მისი თქმით, ასევე მომზადებულია და მიმდინარეობს ახალი საგადასახადო კოდექსის საჯარო განხილვები.
„ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზება საშუალებას მისცემს მეწარმეებს დამატებითი საგადასახადო და საბაჟო პროცედურული ბარიერების გარეშე განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა ევროკავშირის ქვეყნებში და პირიქით”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.