თამარ ჩუგოშვილი: ოპოზიციის მხარდაჭერას არც ველოდებით – მათ სიტუაციის არევის უფლებას არ მივცემთ
საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის დამტკიცების დროს ოპოზიციის მხარდაჭერას არ ელოდება.
ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს მინისტრობის კანდიდატების გამოსვლას არ ესწრებიან.
ჩუგოშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას სიტუაციის არევის უფლებას არ მისცემს.
„ოპოზიციის მხარდაჭერას ჩვენ არც ველოდებით მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებაზე. ოპოზიციას არასდროს არ გამოუვლენია არც ერთი მთავრობის შემადგენლობის მხარდაჭერა. ეს არის კიდევაც არსი იმისა, რომ ჩვენი მთავრობა მტკიცდება. ვისაც აქვს საპარლამენტო უმრავლესობა, ის პარტია წარადგენს კანდიდატურას და არასდროს ამ შემადგენლობას ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს და მათ შორის, არც ამჯერად. რაც შეეხება იმას, რის უფლებას მოგვცემენ და რის უფლებას არ მოგცემენ, ჩვენ არ მივცემთ მათ სიტუაციის არევის უფლებას. ასე უფრო სწორი იქნებოდა თქმა. დანარჩენი, რაც შეეხება პროტესტის გამოხატვას, მშვიდობიანი ფორმით აზრის დაფიქსირებას, მანიფესტაციას და ა.შ. ეს მათი უფლებაა და ბუნებრივია, შეუძლიათ ასეთი პროტესტები გამართონ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.