არჩილ თალაკვაძე: არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას და საზოგადოებას არ სურს იხილოს, რომ ერთი პოლიტიკური ჯგუფი ძალადობრივი გზით იჭრება სახელმწიფო ინსტიტუტებში

„არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას და საზოგადოებას არ სურს იხილოს, რომ ერთი პოლიტიკური ჯგუფი ძალადობრივი გზით იჭრება სახელმწიფო ინსტიტუტებში, საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს და ძალადობით სურს ცვლილებების მიღწევა – ეს იყო ზუსტად ის, რაც მოხდა 20 ივნისის საღამოს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში განაცხადა.
​მისი თქმით, სახელმწიფომ ძალადობას ლეგიტიმური პასუხი გასცა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა ცალსახად იყო, რომ დაეცვა საზოგადოებრივი უსაფრთხოება, სახელმწიფო წესრიგი და კონსტიტუციური ინსტიტუტი – პარლამენტი, მათ ეს გააკეთეს”,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
​მისი განცხადებით, ახალგაზრდების დილით დაწყებული გულწრფელი პროტესტი, პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილმა საღამოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივი შეტევისთვის გამოიყენა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სამწუხაროა, რომ შედეგად დაშავდნენ მოქალაქეები, ახალგაზრდები, ჟურნალისტები და პოლიციელები. როგორც მან აღნიშნა, დღემდე, ხელისუფლების მთავარი საზრუნავია, რომ ამ ადამიანებს ადეკვატური სამედიცინო დახმარება და რეაბილიტაცია ჩაუტარდეთ.
„გსურთ თუ არა იცხოვროთ ისეთ ქვეყანაში და ისეთ სახელმწიფოში, სადაც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც საზოგადოებამ არჩევნებში არ დაუჭირა მხარი უმრავლესობით, არ ჩააბარა ხელისუფლება და არ მისცა მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა პარლამენტში, შეუძლია ახალგაზრდების დილით დაწყებული გულწრფელი პროტესტი საღამოს გადააქციოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევის ძალადობრივ მოქმედებად? თქვენ გსურთ ცხოვრება სახელმწიფოში, სადაც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია საღამოს ძალადობრივად შეიჭრას პარლამენტში და მოახდინოს სახელმწიფო კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფა? მიაღწიოს ცვლილებებს ძალადობით, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით?!
​არც ერთი დემოკრატიული საზოგადოება და სახელმწიფო არ მოითმენს იმას, რის მოთმენასაც ჩვენ გვთხოვდა ეს პოლიტიკური ჯგუფი. არავინ იფიქროს, რომ „გახარია წადის” ძახილით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ხელისუფლება”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები