თეა წულუკიანმა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრი სანდრა ხოველ პოლანკო მიიღო. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, იუსტიციის სახლის დირექტორი სოსო გიორგაძე და გვატემალის დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტრს გვერდზეა განთავსებული

კომფორტულ გარემოში სერვისების გაცემა, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მუშაობის სპეციფიკა − ეს ის საკითხებია, რომლებითაც გვატემალის დელეგაციაა დაინტერესებული. სტუმრებს აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაცია მიეწოდათ და მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილეს.

ასევე, შეხვედრაზე ისაუბრეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში არსებულ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტებზე და პარლამენტში განსახილველად წარდგენილ რეფორმაზე, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი უნდა შეიქმნას. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყება მუშაობა აღნიშნული მიმართულებებით თანამშრომლობის დოკუმენტების გაფორმებაზე.

საქართველოში გვატემალის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრებს მართავს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები