“ეს არის პროექტი, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და აუმჯობესებს სისტემას გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, დამოუკიდებლობის თვალსაზრისით”

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა სასამართლო რეფორმას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არის პროექტი, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება და აუმჯობესებს სისტემას გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.
“ხშირად არის საუბარი საზოგადოებაში ნდობაზე სასამართლო ხელისუფლების მიმართ და რა თქმა უნდა, ნდობას განაპირობებს საზოგადოების რწმენა, რომ მათ ბედს განაგებენ მაღალი კომპეტენციის, მაღალი რეპუტაციის მქონე მოსამართლეები და ამ თვისებების შეფასებას შესაძლებელს ხდის მხოლოდ სასამართლო სისტემის აბსოლუტური, სრული გამჭვირვალობა. ჩვენი სასამართლოს რეპუტაცია, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ყველამ ვიცით, რომ იყო საკმაოდ დაკნინებული და ამიტომ, ჩვენ გვიწევს, გარკვეულწილად, საკმაოდ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, შეიძლება ითქვას, დეტალური მოწესრიგება გარკვეული საკითხების, გარკვეულ სფეროში პაპზე უფრო კათოლიკეები ვართ, ვადგენთ ისეთ წესებს, უპრეცენდენტო შერჩევის კრიტერიუმებს, პროცედურებს მოსამართლეებისთვის, რომლებსაც სხვა ქვეყნებში არ იცნობენ, მაგრამ ეს გამომდინარეობს სწორედ არსებული რეალობიდან, აუცილებლობიდან და ემსახურება სისტემის გაჯანსაღებას. ჩვენ ამ სესიის განმავლობაში ამ ორ საკითხზე მოგვიწევს მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება, ბოლომდე მიყვანა. ეს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა და მეოთხე ტალღად წოდებული ინიციატივების დამტკიცება. ამ უკანასკნელით მინდა, დავიწყო. პარლამენტში არის ინიცირებული პროექტი, რომელიც საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით მომზადდა და იქნა მიღებული მაღალი კონსენსუსით. ამ პროექტს სპეციალური მხარდამჭერი განცხადებით გამოეხმაურნენ ჩვენი პარტნიორები, ევროკავშირის წარმომადგენლობა და ამერიკის საელჩო საქართველოში. მათივე შეფასებით, ეს არის პროექტი, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და აუმჯობესებს სისტემას გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. არის ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯი. მეც მინდა, მივესალმო გარკვეულ კონკრეტულ საკითხებს, რომელსაც პროექტი ითვალისწინებს. ის ზრდის იუსტიციის საბჭოს ანგარიშვალდებულებას, ადგენს მის ვალდებულებას, რომ დაასაბუთოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებსაც საბჭო იღებს, ზრდის იუსტიციის სკოლის დამოუკიდებლობას, ზრდის მოტივაციას სკოლის მსმენელებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ, რაც მთავარია, ალბათ, დისციპლინური სამართალწარმოების ევროპულ სტანდარტს აწესებს მოსამართლეების მიმართ. ვფიქრობ, რომ ეს მოწონებული პროექტი ახლა უკვე ჩვენს ხელშია და დარწმუნებული ვარ, რომ მას ექნება პარლამენტის მხარდაჭერა.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მიმდინარე პროცესს – ჩვენ ამაზე მივიღეთ ძალიან კარგი კანონი გასულ სესიაზე, სადაც გაიწერა შერჩევის კრიტერიუმები, პროცედურები. ჩვენ დავდეთ პირობა, ეს იყო წლის დასაწყისში, რომ მკაფიო, გამჭვირვალე კრიტერიუმების გარეშე არ დავუშვებდით უზენაეს სასამართლოში უვადოდ მოსამართლეების განწესებას და მაშინ გაჟღერებული ბევრი ბრალდების და საყვედურის მიუხედავად, ეს პირობა სრულდება. დაინტერესებული საზოგადოება, მედია, იურისტები ლამის პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს, თუ როგორ მიმდინარეობდა კანდიდატებთან გასაუბრება. მათ ადგილზე ყოფნას, ალბათ ბევრი არ ისურვებდა, არ იყო მათთვის მარტივი პროცესი, მაგრამ ასეთად იყო ჩაფიქრებული – არც უნდა იყოს მარტივი, იმიტომ, რომ მათ აქვთ ამბიცია და პრეტენზია, გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. იუსტიციის საბჭოში წარმართული პროცესის მიმართ, ზოგიერთი სამართლიანი შენიშვნის მიუხედავად, ერთი რამ არის ცალსახა და ფაქტი- ეს პროცესი იყო უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესის მხოლოდ ნახევარია და ის კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება პარლამენტში. მე არ ვიცი, რა თქმა უნდა, ვის კანდიდატურებს წარმოგვიდგენს, საბოლოო ჯამში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მაგრამ ვიცი, რომ კანდიდატებს დამშვიდების საფუძველი არ აქვთ, იმიტომ, რომ მათ ჯერ კიდევ ჩვენ, პარლამენტარები და ჩვენი საზოგადოება უნდა დაარწმუნონ, რომ იმსახურებენ მოსამართლის მანტიას”,-აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები