ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენაზე: იყო კონკრეტული არგუმენტები

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი ბრძოლა და კონკურენციაა, შესაბამისად, მმართველი გუნდი ასეთ ბრძოლაში დიდი ხანია იმყოფება.
ამის შესახებ კობახიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვით, „გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენა საზოგადოებისთვის სილის გაწვნა და პოლიტიკური ომის გამოცხადებაა“.
ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ბუნებრივია, როცა ოპოზიცია მსგავს განცხადებებს აკეთებს.
„რაც შეეხება პოლიტიკურ ბრძოლას, ბუნებრივია, რომ ოპოზიცია მსგავს განცხადებებს გააკეთებს. ჩვენ ვართ პოლიტიკურ ბრძოლაში და კონკურენციაში – ეს არის ზოგადად პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. მინდა წარმატება ვუსურვო მთავრობის ახალ შემადგენლობას, განსაკუთრებით, გიორგი გახარიას და იმ ორ მინისტრს, რომლებიც პოსტს ახლა დაიკავებენ“,- განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ აფასებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე იმ ფაქტს, რომ გავრილოვთან დაკავშირებული მოვლენების შედეგად მან თანამდებობა დატოვა, გიორგი გახარია კი პირიქით დაწინაურდა, კობახიძე ამბობს, რომ „ყველა საკითხზე პარტიაში იყო მსჯელობა, რის საფუძველზე მიიღება ყველა გადაწყვეტილება. ეს მსჯელობა, ბუნებრივია, შიდა სამზარეულოა. ამ ეტაპზე, როდესაც გადაწყვეტილება არის მიღებული, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული პროცედურა. იყო კონკრეტული არგუმენტები“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები