„საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“ – გრიგოლ ფერაძის პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

10-დან 14 სექტემბრამდე, თბილისსა და ბაკურციხეში, საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, ტარდება გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“.
როგორც „კვირას“ წმინდა გრიგოლ ფერაძის საზოგადოების დამფუძნებელმა, პროფესორმა ილია ფერაძემ აცნობა, კონფერენცია გრიგოლ ფერაძის იუბილეს უკავშირდება – 13 სექტემბერს სრულდება 120 წელი – ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ წმინდანად შერაცხული, არქიმანდრიტის გრიგოლ ფერაძის დაბადებიდან.
კონფერენცია წმინდა გრიგოლ ფერაძის საზოგადოების ინიციატივით, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ვარშავის უნივერსიტეტის და ქართველოლოგიის საკითხებზე მომუშავე სხვა ინსტიტუტების მონაწილეობით გაიმართება.
კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს 7 ქვეყნის მეცნიერებმა და წარმოდგენილია 50-ზე მეტი მოხსენება.
„მამა გრიგოლ ფერაძე მოწამებრივად აღესრულა პოლონეთში, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში. პოლონეთი გახდა მისთვის მეორე სამშობლო და პოლონელი ხალხი დიდ პატივს მიაგებს მის სახელს. ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში მომუშავე, ჩვენი თანამემამულე პროფესორის, დავით ყოლბაიას და ამ ინსტიტუტის დირექტორის, საქართველოს დიდი მეგობრის, იან მალიცკის მხარდაჭერით, 2002 წლიდან, ყოველ წელს, 6 დეკემბერს, წმინდანის ხსენების დღეს, ტარდებოდა გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც შემდგომ გაფართოვდა და იქცა ევროპის ქვეყნებში კავკასიოლოგიაზე მომუშავე მეცნიერების ფორუმად. ამ კონფერენციის მასალები ქვეყნდება ჟურნალში „PROGEORGIA“.
ვარშავის უნივერსიტეტი გამოსცემს გრიგოლ ფერაძის ნაშრომების სრულ ხუთტომეულსაც… უკვე გამოსულია 4 ტომი და მათგან 2 გადათარგმნილია ქართულად, დავით ყოლბაიას და მისი მეუღლის სოფიო ჟვანიას მიერ.
2017 წლამდე ხსენებული კონფერენცია 17-ჯერ ჩატარდა,  2018 წლიდან კი გადაწყდა ამ კონფერენციების ჩატარება ორ წელიწადში ერთხელ.
2019 წლიდან, წმინდა გრიგოლ ფერაძის საზოგადოების ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, გადაწყდა, კონფერენციების ჩატარება თბილისში, ვარშავის უნივერსიტეტის კონფერენციებს შორის ორ წელიწადში ერთხელ, წმინდანის დაბადების დღეს – 13 სექტემბერს, როდესაც მის სამშობლოში ოქროს შემოდგომაა.
წელს ასეთი კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“ პირველად ტარდება საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით“, – აღნიშნა ილია ფერაძემ.
კონფერენია გაიხსნება და იმუშავებს, 11 და 12 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო დახურვა შედგება წმინდანის დაბადების დღეს, 13 სექტემბერს, ბაკურციხეში, წმინდანის ახლად აშენებულ სახლ-მუზეუმში.
ინფორმაცია კონფერენციის შესახებ ვრცელდება საქართველოში ყველა მედიასაშუალების გამოყენებით და სოციალურ ქსელში, გრიგოლ ფერაძის საზოგადოების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს აქტიური წევრების მიერ მთელ ევროპაში და აშშ-ში, რომლებიც ცხოვრობენ: ვარშავაში, პარიზში, ლონდონში, დიუსელდორფში, ნიუ-იორკში, მადრიდში.
ილია ფერაძის თქმით, წმინდა გრიგოლ ფერაძის საზოგადოება შეეცდება, ინფორმაცია წმინდანზე და კონფერენციაზე ხელმისაწვდომი გახადოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მაცხოვრებელი ქართველების და განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის, რათა მათ უკეთ გაიცნონ საქართველოს ღირსეული შვილი, მოყვასისათვის შეწირული, წმინდა პროფესორი გრიგოლ ფერაძე.
მასალები და სურვილები უნდა გაიგზავნოს წმინდა გრიგოლ ფერაძის საზოგადოების ელ.ფოსტაზე: ilia.peradze@yahoo.com
კონფერენციის სპონსორები არიან: კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, „ფერაძე ვაინერი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები