საქართველოს სინფონიეტა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში კონცერტებს გამართავს

თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრი საქართველოს სინფონიეტა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში –  რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო და ზემო სვანეთში, ამბროლაურში, ონში, ცაგერში, ლენტეხში, მესტიასა და ლატალში კონცერტებს გამართავს.
როგორც „კვირას“ საქართველოს სინფონიეტას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა მუქერიამ აცნობა, პროექტით გათვალისწინებული ქალაქების და რაიონული ცენტრების უმეტესობაში არასოდეს გამართულა ორკესტრის კონცერტი, ზოგიერთ მათგანში კი წინა საუკუნის შემდეგ აღარ მისცემიათ ორკესტრის მოსმენის შესაძლებლობა.
„პროექტის მიზანია, საქართველოს რეგიონებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია. იქ მცხოვრები ახალგაზრდა თაობისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტის შესაძლებლობების გაცნობა და კლასიკური მუსიკისადმი ინტერესის გაღვივება.
მაღალმთიან რეგიონებს ზაფხულობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ტურისტი სტუმრობს. მათ იზიდავთ საქართველოს ბუნება და ამ რეგიონებში უფრო კემპინგი, მთასვლელობა, სათავგადასავლო, ისტორიული და ეკო-ტურიზმია განვითარებული. ვფიქრობთ, რომ მათთვის დიდი სიახლე და ასევე საინტერესო იქნება კლასიკური მუსიკის კონცერტზე დასწრება,  ხოლო მაღალმთიანი რეგიონების ტურიზმს კიდევ ერთი ნიშა, კულტურული ტურიზმი შეემატება.  შესაბამისად, პროექტის პარტნიორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, ჩასულ სტუმრებს, ქართველ და უცხოელ ტურისტებს მიეცემათ საშუალება, საქართველოს ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასთან ერთად ცოცხლად მოისმინონ ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები, სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტები და კამერული ორკესტრი, ეზიარონ ქართულ საშემსრულებლო ხელოვნებას“, – აღნიშნავს თეა მუქერია.
კონცერტები გაიმართება:
მესტია – 4 სექტემბერი, 20:00 საათი, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ლეო ფილფანის სახელობის ფოლკლორის თეატრი;
ლატალი – 5 სექტემბერი, 17:00 საათი, ლატალის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზი;
ონი – 7 სექტემბერი, 18:00 საათი, ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლი;
ლენტეხი – 8 სექტემბერი, 17:00 საათი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი;
ცაგერი – 9 სექტემბერი, 17:00 საათი, ცაგერის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი;
ამბროლაური – 10 სექტემბერი, 19:00 საათი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი.
კონცერტებზე შესრულდება: ბენჯამინ ბრიტენის, ალექსი მაჭავარიანის, ვაჟა აზარაშვილისა და სულხან ცინცაძის ნაწარმოებები.
კონცერტები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.

საქართველოს სინფონიეტა გელით მთაში კლასიკური მუსიკის საღამოებზე!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები