ირაკლი ანთაძე: „ახალგორთან ე.წ. საზღვრის გადაკეტვის შესახებ ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს“ – ერგნეთში შეხვედრა დასრულდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ერგნეთში გამართული მეორე ტექნიკური შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა.
მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ გადაიდგას ნაბიჯები, „რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია. შევთანხმდით, რომ შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა, რომელზეც გაგრძელდება მსჯელობები“.
„წნელისთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ სიტუაციის დეესკალაციას არაფერი უდგას წინ. აღვნიშნეთ, რომ პოლიციის საგუშაგო საფრთხეს არ შეიცავს, მათ მხარეს არაპროპორციული მოძრაობა კი ძაბავს მოსახლეობას. საუბარში არ ჰქონია ადგილი დაძაბულობას, თავად გამოხატეს მზაობა გავაგრძელოთ დიალოგი ტექნიკური შეხვედრების ფორმატში. მზად ვართ ჩავატაროთ იმდენი შეხვედრა, რამდენიც საჭიროა“,-განაცხადა ანთაძემ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ახალგორში ე.წ. საზღვრის გადაკეტვა იგეგმება, ანთაძემ განაცხადა, რომ საკითხით დაინტერესდა, რაზეც უპასუხეს, რომ „როდესაც დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები ახორციელებენ მსგავსი ტიპის აქციებს, ცხელი ხაზი აქტიურდება ან მათი განცხადებები კეთდება, არც ერთი და არც მეორე არ მომხდარა. ყოველ შემთხვევაში, დღეს მათ საზღვრის გადაკეტვის ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს“.