სამთავისში წარმოებულ უნებართვო სამუშაოებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო რეაგირებას მოახდენს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამთავისის კომპლექსში უნებართვო სამუშაოები დაფიქსირდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო უწყების საბჭოსთან საპროექტო დოკუმენტაციის შეუთანხმებლად ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით კომპლექსის ეზოში სავალი გზის მონაკვეთი ეწყობა.
„ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტებთან ერთად სამთავისში სააგენტოს კვლევის სამსახურის თანამშრომლებიც იმყოფებიან, რომელთა წინასწარი შეფასებით, ახლად მოწყობილი ინფრასტრუქტურული ელემენტი ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებებთან შეუთავსებელია და კორექტირებას საჭიროებს. საფეხმავლო ბილიკი ნიჩბისის ქვის ტრადიციული ქართული წყობითაა დაგებული.
უნებართვო სამუშაოების დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოთხოვნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ ეპარქიას წერილობით გაფრთხილებას დღესვე გაუგზავნის.
ახლად გამოვლენილი ფაქტის შესახებ ეცნობება საქართველოს საპატრიარქოსაც. წარმოებული უნებართვო პროცესის შედეგების გამოსასწორებლად სააგენტო ეპარქიას 6 თვის ვადაში სათანადო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და მის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთან შეთანხმებას მოსთხოვს. სამთავისის კომპლექსში განხორციელებული მონიტორინგის ანგარიშს სააგენტო უხლოეს დღეებში გაასაჯაროებს“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.