ოპერატორთა საერთაშორისო კინოფესტივალზე – MANAKI BROTHERS 4 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი

14 – 21 სექტემბერს, მაკედონიის ქალაქი ბიტოლა ოპერატორთა საერთაშორისო კინოფესტივალს MANAKI BROTHERS უმასპინძლებს. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფესტივალზე, რომლის ფოკუსქვეყანა წელს საქართველოა, შემდეგი 4 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი:

რუსუდან გლურჯიძე „სხვისი სახლი“;
თინათინ ყაჯრიშვილი  „პატარძლები“;
მარიამ ხაჭვანი  „დედე“;
ლევან კოღუაშვილი  „შემთხვევითი პაემნები“.
MANAKI BROTHERS კინოოპერატორთა ერთ-ერთი უძველესი კინოფესტივალია, რომელიც მაკედონიის კინოპროფესიონალთა ასოციაციის ინიციატივით 1979 წელს დაარსდა. იგი ცნობილი ოპერატორი ძმების – იანაკი და მილტონ მანაკების სახელს ატარებს.
ფესტივალის ჯილდო „კამერა 300“ არაერთი წარმატებული კინემატოგრაფისტისთვის გადაუციათ. მათ შორის არიან მსახიობები: დერილ ჰანა, კატრინ დენევი, იზაბელ იუპერი და ჟულიეტ ბინოში. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს „კამერა 300“-ის მფლობელი ქართველი ოპერატორი მინდია ესაძე გახდა მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „დინოლა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები