პრეზიდენტი ზელენსკიზე: დიდი ინტერესია და თვითონაც შემოგვთავაზა, რომ მოვამზადოთ არა მხოლოდ ვიზიტი, არამედ რაღაც ერთობლივი დოკუმენტის სტრატეგია
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. პრეზიდენტი პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ანჟეი დუდას მიწვევით დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში მან პარალელურად შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.
პრეზიდენტის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიმართ ასეთი ინტერესი არსებობს და ჩვენი პარტნიორები არ ეგუებიან შექმნილ ვითარებას. “ბელგიის პრემიერი, რომლიც გახდება ევროკავშირის ახალი თავმჯდომარე დაინტერესებულია ჩვენი სიტუაციით და იმით თუ რა შეიძლება გავაკეთოთ. ეს კითხვები, ინტერესი და იმის მზაობა, რომ რაღაც მოიფიქრონ და არამხოლოდ შეეგუონ და მივიდნენ საოკუპაციო ხაზზე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვართ დავიწყებული, ამ კუთხით ვიტყოდი, რომ დავბრუნდით მსოფლიო რუკაზე. არ შეიძლება, რომ ასე გაგრძელდეს, ეს გაუთავებელი პროვაკაციებია და რაღაც უნდა გაკეთდეს”. – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ და აღნიშნა, რომ ვოლიდიმირ ზელენსკიმ გარდა უკრაინაში მიწვევისას შესთავაზა მოემზადებინათ ერთობლივი დოკუმენტის სტრატეგია.
“დიდი ინტერესია და თვითონაც შემოგვთავაზა, რომ მოვამზადოთ არა მხოლოდ ვიზიტი, არამედ რაღაც ერთობლივი დოკუმენტის სტრატეგია, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ერთის მხრივ კონფლიქტებთან მიმართებაში და მეორე მხრივ ევროკავშირის მიმართულებით”,- აღნიშნა პრეზიდენტმა.