პრეზიდენტი ქართველ მშვიდობისმყოფელებს – „თქვენ იცავთ ჩვენს მშვიდობას!“ (ვიდეო)
31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობისმყოფელის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია მიმართოს საქართველოს ჯარისკაცებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში იცავენ მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას აძლიერებენ.
„თქვენს მიმართ ჩვენი პარტნიორები უდიდეს პატივისცემას, ნდობას და თქვენი მსახურობის მაღალ შეფასებას გამოხატავენ. მთელი ქვეყნის სახელით მინდა გამოვხატო მადლიერება იმ ღვაწლისთვის, რომელიც თქვენ სამშობლოსთვის გასწიეთ. დღეს მინდა გავიხსენო საერთშორისო მისიებში დაღუპული ჩვენი გმირები და მათ სულებს ერთად მივაგოთ პატივი.
დღევანდელ დღეს გლობალური საფრთხეები ყველგან იზრდება და თქვენ იცით, რომ მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა მხოლოდ ქვეყნის საზღვრებს შიგნით ვერ იქნება დაცული, თქვენ სწორედ ქვეყნის გარეთ დგახართ სადარაჯოზე და იცავთ მშვიდობას, რისთვისაც მინდა გითხრათ დიდი მადლობა. გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ სამშობლოში მშვიდობიან დაბრუნებას“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.
ვიცე-პოლკოვნიკის ლაშა დავითაძის თქმით კი, ასეთი მიმართვა ჯარისკაცებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გრძნობენ მათი საქმის მნიშვნელობას და ყურადღებას.
„პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და ის დაღუპული გმირები ახსენა, რომლებმაც სამშვიდობო მისიებში ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და ინტერესებს თავი შესწირეს. ასეთი მიმართვა მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რადგან ისინი გრძნობენ ყურადღებას, თუ რამდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და მართლაც სად თუ არა სამშვიდობო მისიაში, ჩვენი ჯარისკაცების პროფესიონალიზმი, როგორც ტაქტიკურ დონეზე, ასევე ყოველდღიურობაში პირდაპირ პროპორციულია საერთაშორისო აღიარების და ზოგადად გლობალურ საფრთხეებში ჩვენი წვლილის შეტანის“,-განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა.
როგორც მასტერ სერჟანტმა, მინდია ტაკიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის მიმართვა ქართველ მშვიდობისმყოფელებს აძლევს მოტივაციას, რომ კეთილსინდისიერად და ღირსეულად შეასრულონ საერთაშორისო მისიაში მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა.
„მინდა ყველა ქართველ სამხედრო მოსამსახურეს ვუსურვო საერთაშორისო მისიის ფარგლებში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ჩვენი ოჯახების, ჩვენი სამშობლოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მხედრულად მოგვეხადოს ჩვენი ღირსეული ვალი და რაც მთვარია მშვიდობით და ჯანმრთელად დავბრუნებულიყავით ჩვენს სამშობლოში“,-აღნიშნა მინდია ტაკიძემ.