ინდოეთიდან ბანგლადეშში, შესაძლოა, 2 მილიონამდე ადამიანი გააძევონ

ინდოეთში, ასამას შტატში მცხოვრები 1,9 მილიონზე მეტი ადამიანი, შესაძლოა, ბანგლადეშში გააძევონ, რადგან აღმოჩნდა, რომ მათი გვარები მოქალაქეთა რეესტრიდან გაქრა.
ტელეკომპანია NDTV-ი იტყობინება, რომ მოქალაქეთა ეროვნული რეესტრი იმ ადამიანთა სიას წარმოადგენს, რომლებსაც შეუძლიათ იმის დამტკიცება, რომ რეგიონში 1971 წლის 24 მარტამდე დასახლდნენ, ანუ ბანგლადეშის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე.
ასამას მოსახლეობა 35 მილიონ ადამიანს ითვლის, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მოსახლეობის აღწერა ჩაატარა, რადგან ეჭვობს, რომ შტატში თავშესაფარი ბევრმა ბანგლადეშელმა ემიგრანტმა იპოვა.
აღმოჩნდა, რომ ასამას მოსახლეობის დიდ ნაწილს საჭირო დოკუმენტები არ გააჩნია, რომელიც მათ მოქალაქეობას დაადასტურებდა.
ინდოეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ადამიანებს, რომლებიც რეესტრის განახლებულ ვერსიაში ვერ მოხვდნენ, შეუძლიათ საკუთარი მოქალაქეობა სასამართლოს მეშვეობით დაამტკიცონ . მათ კი, ვინც ამას ვერ შეძლებს, ქვეყნიდან გაძევება ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები