აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მყოფ თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ე.წ. სასაზღვრო ხაზთან გამგზავრებისკენ თავი შეიკავონ
შევახსენებთ აშშ-ის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ „სამხრეთ ოსეთისა“ და თბილისის მიერ ადმინისტრირებული ტერიტორიის გამყოფ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან გამგზავრებისგან, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონ “სამხრეთ ოსეთის” ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან სამხედრო გაძლიერებას.
„მიმდინარე მოვლენების ფონზე, შევახსენებთ აშშ-ის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ „სამხრეთ ოსეთისა“ და თბილისის მიერ ადმინისტრირებული ტერიტორიის გამყოფ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან გამგზავრებისგან. აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს ეზღუდებათ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან გამგზავრება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
დიპლომატიური წარმომადგენლობა აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, თვალყური ადევნონ ადგილობრივ მედიას სიახლეების გასაცნობად.