„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ სოფელ ჩორჩანასთან, სადაც საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო განათავსა, უნდა შენარჩუნდეს. როგორც მან აღნიშნა, მტკიცედ და მშვიდად მოქმედების და უცხოელი პარტნიორების ჩართვის შემთხვევაში, ამ ყოველივეს არანაირი ნეგატიური შედეგი არ მოჰყვება.
“საოკუპაციო ძალა, რომელიც არღვევს ყველანაირ კანონს და სამართალს, რომელიც აგრძელებს ოკუპაციას, რომელიც ღობავს ჩვენს სოფლებს, რომელიც იტაცებს ადამიანებს, “გაღმა შეედავეს” პრინციპით ცდილობს ახლა ქართულ მხარეს გააუქმებინოს პოლიციის სრულიად კანონიერი საგუშაგო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ უნდა დავთანხმდეთ. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ეს კონკრეტული საგუშაგო უნდა იქნეს შენარჩუნებული, არამედ უნდა აღდგეს სხვა საპოლიციო პოსტებიც, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გაუქმდა. ქართული პოლიციის ყოფნა არის აუცილებელი წესრიგისა და მშვიდობის დაცვისთვის, ქართული პოლიციის ყოფნა არის აუცილებელი ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამიტომ ამ კონკრეტულ საკითხს, ამ პოსტის შენარჩუნებას, ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტია, მთლიანად ვუჭერთ მხარს. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ძალიან მტკიცედ, უნდა იმოქმედოს მშვიდად და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროკავშირის მისიასთან ერთად არ მისცეს საოკუპაციო ძალას ვითარების გამწვავების საშუალება ისე, რომ უკან არ დავიხიოთ. პოსტი უნდა შენარჩუნდეს, სხვა პოსტებიც უნდა აღდგეს და დარწმუნებული ვარ, რომ მტკიცედ და მშვიდად მოქმედების შემთხვევაში, ჩვენი უცხოელი პარტნიორების ჩართვის შემთხვევაში, არანაირი ნეგატიური შედეგი ამას არ მოჰყვება – პირიქით, ეს პოსტები უზრუნველყოფს საოკუპაციო ხაზთან სიმშვიდეს, სტაბილურობას და მეტ დაცულობას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.